×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
  • horsetours
    სიახლეები 
    2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტი"
    ბიზნეს დაჯილდოება თიბისის მასშტაბური, ყოველწლიური პროექტია, რომელიც დიდი თუ მცირე კომპანიების წარმატების ისტორიებს მთელს საქართველოს უზიარებს.  Horsetours დასახელდა ნომინაციაში "საუკეთესო პროდუქტი". "Horsetours არის საცხენოსნო ტურიზმის განვითრების ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს საშუალებას აძლევს, საკუთარი სერვისი გააციფრულონ, ხოლო მომხმარებლებს ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის ერთიანი პლატფორმას სთავაზობს. Horsetours ნებისმიერი დონის მხედრისთვის ინოვაციური პლატფორმაა დაჯავშნოს და ციფრული ვიდეო მარშრუტების დახმარებით სრულად შეისწავლოს ტურის მახასიათებლები. პლატფორმა საცხენოსნო ტურიზმში ჩართულ ადამიანებს, რანჩოებსა და საცხენოსნო გამყოლებს ეხმარება სერვისის გაუმჯობესებასა და დახვეწაში თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დამკვიდრებით. ამასთან ხელს უწყობს სეზონის გახანგრძლივებასა და შემოსავლების ზრდას."  

    სტატიის ავტორი:

    2022-12-18

    სრულად ნახვა
    სიახლეები 
    ბიზნესიდეების კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის - გამარჯვებულები ცნობილია
    Visa-სა და ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ერთობლივი კონკურსის ფარგლებში 10 საუკეთესო ბიზნესიდეა დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია. ფინალისტებს ორდღიანი უფასო ტრენინგები ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც მოუწევთ საკუთარი იდეები ჟიურის წინაშე 90 წამში წარადგინონ. ორი გამარჯვებული 26 ოქტომბერს გამოვლინდება, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ: I ადგილი - 25 ათასი ლარი, II ადგილი - 15 ათასი ლარი. კონკურსი საქართველოში გლობალური კამპანიის - She’s Next Empowered by Visa ფარგლებში ტარდება

    სტატიის ავტორი:
    ქალები მომავლისთვის
    2022-12-18

    სრულად ნახვა
    სიახლეები 
    Horsetours სტუმრად გადაცემა "ქალების ნარატივი"

    სტატიის ავტორი:
    Business Media Georgia
    2022-12-18

    სრულად ნახვა
    სიახლეები 
    Visa-სა და ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ერთობლივი ბიზნესკონკურსის გამარჯვებულები ცნობილია
    თბილისი, 26 ოქტომბერი, 2022 – დღეს, Visa Elevator Pitch-ის ბიზნესკონკურსში დამოუკიდებელმა ჟიურიმ საუკეთესო 10 ფინალისტიდან გამოავლინა 2 გამარჯვებული ქალი მეწარმე. კონკურსის პირველი ადგილისა და 25 000 ლარის მფლობელი გახდა ანა ნადირაძე ბრენდ „ჰორსტურის“ თანადამფუძნებელი, მეორე ადგილი კი ნათია ბედენაშვილმა ბრენდ „ბისერნათის“ დამფუძნებელმა მოიპოვა და მიიღო ფულადი პრიზი 15 000 ლარის ოდენობით.  კონკურსის გამარჯვებულმა ანა ნადირაძემ, 2021 წელს საცხენოსნო პლატფორმა - „ჰორსტურსი“ შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ინოვაციურ გადაწყვეტას. ინოვაციური ონლაინ პლატფორმა საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს ეხმარება საკუთარი სერვისის გაციფრულებაში, მომხმარებლებს კი ონლაინ ჯავშნისა და გადახდის ერთიან შესაძლებლობას სთავაზობს. მეორე ადგილისა და 15 000 ლარის მფლობელი გახდა ნათია ბედენაშვილი, ბუნებრივი და ნახევრად ბუნევრივი ხელნაკეთი აქსესუარების  მწარმოებელი ბრენდის „ბისერნათის“ დამფუძნებელი. სტარტაპი 2020 წელს დაარსდა და მომხმარებლებს მუდმივად მრავალფეროვან და ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს. კონკურსის საუკეთესო ათეულია: ბრენდი „ინ ბლუმ გარდენი“ - მარიამ ბალანჩივაძე ბრენდი „Halo“ - ანა ერემეიშვილი ბრენდი „ჰორსტური“ - ანა ნადირაძე ბრენდი „დასი“ - თამარ ჟღენტი ბრენდი „ბისერნათი“ - ნათია ბედენაშვილი ბრენდი „აგრო ჰოლდინგი“ - სოფიკო მახატლიშვილი ბრენდი „ჰიპო ველოს“ - ვერიკო ბაზალი ბრენდი „ფაქტურა ატელიე“ - მარიამ მახარაძე ბიზნესიდეა „პერსონაჟი“ - თამარ ქველიძე ბრენდი „დამ - დამ“ - ქეთევან ქარსელაძე კონკურსის მეორე ეტაპზე ფინალისტები ორდღიან უფასო საკონსულტაციო-მენტორულ სესიებს დაესწრნენ, სადაც შეისწავლეს ფიჩინგისა და ეფექტური ბიზნეს პრეზენტაციის მომზადების ტექნიკები. კონკურსი, გლობალური კამპანიის - She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში ბიზნესფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ პარტნიორობით, გამოცხადდა და მონაწილეები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესების მიხედვით შეირჩნენ.

    სტატიის ავტორი:
    ქალები მომავლისთვის
    2022-12-18

    სრულად ნახვა
    სიახლეები 
    Horsetours-მა პირველი ადგილი მოიპოვა
    საერთო ბიზნესკონკურსის Visa Elevator Pitch-ის პირველი ადგილისა და 25 000 ლარის მფლობელი საცხენოსნო ონლაინ პლატფორმა „ჰორსტურსის“ თანადამფუძნებელი ანა ნადირაძე გახდა. Horsetours.ge ადგილობრივი საცხენოსნო და ეკოტურიზმის განვითარების ინოვაციურ გადაწყვეტას ითვალისწინებს და მომხმარებლებს საცხენოსნო ტურებს სთავაზობს, საქართველოს მასშტაბით, წლის ნებისმიერ დროს. ანა მოგებულ თანხას დასავლეთ საქართველოს საცხენოსნო ტურიზმის პოტენციალის სრულად ათვისებისა და გაციფრულებისთვის გამოიყენებს.ბლოგ

    სტატიის ავტორი:
    Marketer
    2022-12-18

    სრულად ნახვა
    სიახლეები 
    Visa-სა და ბიზნესფედერაციის  “ქალები მომავლისთვის” კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია
    I ადგილი - Horsetours.ge • საცხენოსნო ტურები  კომპანიის თანადამფუძნებელია ანა ნადირაძე. მეწარმემ 2021 წელს შექმნა საცხენოსნო პლატფორმა, რომელიც ტურიზმში ინოვაციურობის კომპონენტის დანერგვას უკავშირდება. ერთი მხრივ, Horsetours საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს საშუალებას აძლევს, გააციფრულონ საკუთარი სერვისი, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებლებს ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის შესაძლებლობას სთავაზობს. პლატფორმის ვირტუალური ტურის გამოყენებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია სრულად შეისწავლოს გასავლელი მარშრუტი. II ადგილი - BiserNati / ბისერნათი ბუნებრივი და ნახევრად ბუნევრივი ხელნაკეთი აქსესუარების  მწარმოებელი ბრენდის „ბისერნათის“ დამფუძნებელი ნათია ბედენაშვილია. სტარტაპი 2020 წელს დაარსდა და მომხმარებლებს მუდმივად მრავალფეროვან და ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს.

    სტატიის ავტორი:
    ქალები მომავლისთვის
    2022-12-18

    სრულად ნახვა
    სიახლეები 
    Horsetours-ს 1 წელი შეუსრულდა
    10 სექტემბერს Horsetours-ს 1 წელი შეუსრულდა. პირველად მიზანს, რაც წარმოადგენს საცხენოსნო ტურიზმის გაციფრულებას, განვითარებასა და საცხენოსნო ტურიზმის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად მივყვებით და ვავითარებთ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენს პლატფორმაზე განვათავსეთ ვაშლოვანის, ლაგოდეხის, თუშეთის, თბილისის, ყაზბეგის, ბორჯომის, მანგლისის, პანკისის საცხენოსნო ტურები და მალე დავამატებთ აჭარის, რაჭის, სამეგრელოსა და სვანეთის ტურებსაც. წინ ახალი წელი გველის ახალი გამოწვევებით, მიზნებითა და შესაძლებლობებით და გვჯერა, რომ საქართველოში საცხენოსნო ტურიზმის განვითარებას ძალიან დიდი მომავალი აქვს.

    სტატიის ავტორი:

    2022-12-18

    სრულად ნახვა
    სიახლეები 
    საცხენოსნო ტურების ციფრული პლატფორმა

    სტატიის ავტორი:
    Palitranews - პალიტრანიუსი
    2022-12-18

    სრულად ნახვა
    ტურების გამოცდილება 
    თუშეთის სათავგადასავლო საცხენოსნო ტური
    თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, დადგა დრო თუშეთს ვესტუმროთ, სადაც საცხენოსნო ტური გველოდება. დილის ცხრა საათზე კომფორტული მინივენი სასტუმროსთან მოვიდა, ჩანთები ჩავალაგეთ, ჩავსხედით და თუშეთის მიმართულებით წავედით. 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ გზა სტორის ხეობაში შევიდა, საიდანაც 70 კილომეტრიანი თუშეთთან დამაკავშირებელი, ცოტა დამღლელი, მაგრამ თვალწარმტაცი გზა იწყება. კიდევ ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ აბანოს უღელტეხილზე (2960 მ) ავედით. ჩვენ თვალწინ ისეთი ლამაზი ხედები გადაიშალა, რომ მიუხედავად დამღლელი გზისა დაღლას საერთოდ ვეღარ ვგრძნობდით.  უღელტეხილიდან გზა ღრმა ხეობაში ჩადის და მდინარეს მიუყვება. 6საათიანი მგზავრობის შემდეგ სოფელ შენაქოში მივედით, რომელიც გამორჩეულია აივნიანი სახლებით და დღემდე შემორჩენილი ტრადიციული ცხოვრების წესით. საღამოს 7 საათზე ვივახშმეთ და სოფლის ცენტრში დანთებულ კოცონთან ავედით. თუშეთის ღამის ცა ცალკე აღნიშვნის ღირსია. ისე მკვეთრად ჩანს ირმის ნახტომის გალაქტიკა, თითქოს ტელესკოპით აკვირდებოდე ციურ სხეულებს. დილის რვა საათზე ვისაუზმეთ და ცხენების შეკაზმვა დავიწყეთ. 9 საათზე მზად ვიყავით გასამგზავრებლად. თავდაპირველად სოფელ დიკლოს ვესტუმრეთ, სადაც ადგილობრივი გუდის ყველის დამზადების პროცესს დავესწარით მწყემსებთან, თუშური ალუდი (ლუდი) დავაგემოვნეთ და სანარეს უღელტეხილზე ავედით (2500 მ), საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები გადაიშალა ჩვენს თვალწინ. ჩვენს ზემოთ კი მტაცებელი ფრინველები დაფრინავდნენ. სოფელ ჩიღომდე მისასვლელი ხიდი დაზიანებული დაგვხვდა, ამიტომ ცხენები წყალში გავიყვანეთ, ჩვენ კი ხიდზე გადავედით. სოფლის შუაგულში საკრალური ადგილია, რომელიც ადგილობრივების რწმენით წმინდა ადგილს წარმოადგენს და მისი საზღვრები პატარა თეთრი ფერის ქვებით არის შემოსაზღვრული, სადაც შესვლა აკრძალულია. ჩიღოდან დართლოსკენ უკვე სამანქანე გზით წავედით. შემდეგი ორი საათის განმავლობაში მხოლოდ ორი მანქანა შეგვხდა, რასაც დისკომფორტი არ შეუქმნია არც ჩვენთვის და არც ცხენებისთვის. მდინარეს რომ მივუახლოვდით პატარა მდელოზე გავჩერდით, სადაც ვისადილეთ და ცხენები მოვაძოვეთ. ერთ საათიანი შესვენების შემდეგ სოფელ დართლოს ვესტუმრეთ, რომელიც იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაშია. დართლოში მდებარეობს მე-12 საუკუნით დათარიღებული სასამართლო და სახლის კედლებზე ამოტვიფრული პეტროგლიფები, რომლებიც ცალკე მისტიკურ განწყობას ქმნის.  დართლოდან სოფელ ჭეშოსკენ წავედით, სადაც ვახშამი და კომფორტული საოჯახო სასტუმრო დაგვხვდა. საღამოს ახალგაზრდებმა ცეცხლი დაანთეს და მის გარშემო შეგროვდა მთელი სოფელი თუშური ამბებისა და თავგადასავლების მოსაყოლად. მეორე დღეს ისევ რვა საათზე ვისაუზმეთ და 9 საათზე სოფელ ფარსმას მიმართულებით წავედით, საიდანაც ნაყაიჩოს უღელტეხილის ბილიკი იწყება. ამინდი შესანიშნავი იყო. სანამ უღელტეხილის ბილიკს მივუყვებოდით, გზად ველური მოცვი შეგვხვდა, რომელსაც გულგრილად ვერ ჩავუარეთ და გემრიელად შევექეცით. ბილიკზე მთის ცივი წყაროები შეგვხვდა, წყალი ავავსეთ და გზა გავაგრძელეთ. 13:00 სათზე უკვე უღელტეხილზე ვიყავით, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, საიდანაც ულამაზესი ხედები გადაიშალა თუშეთის ორ ხეობაზე, პირიქითსა და გომეწარზე.  უღელტეხილიდან გზა ქედს მიუყვება. როდესაც მთის ქედზე ცხენს მიაჭენებ და მთელს თუშეთს ზემოდან დაჰყურებ ხელუხლებელი ბუნების ნაწილი ხდები, სადაც გინდა კიდევ ბევრჯერ დაბრუნდე.  საღამოს 17:00 საათზე მირგველაში ჩავედით, სადაც პატარა საოჯახო სასტუმროში ჩვენთვის უკვე მზად იყო, წინაწარ დაჯავშნილი ოთახები და ცხელი წყალი.  მესამე დღეს, სანამ კახეთისკენ გამოვემგზავრებოდით ომალოს ციხე-კოშკებსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს ვესტუმრეთ. საღამოს 4 საათზე კი უკვე თბილისში ვიყავით.  

    სტატიის ავტორი:
    horsetours.ge
    2022-04-19

    სრულად ნახვა
    ტურების გამოცდილება 
    ორი მთიანი რეგიონის დამაკავშირებელი მარშრუტი
    საქართველოში ჩვენი მოგზაურობის მიზანი 2 გამორჩეული მთიანი რეგიონის ხევსურეთისა და თუშეთის ულამაზესი ეროვნული პარკების, ხელუხლებელი ბუნებისა და უნიკალური კულტურის გაცნობაა. დილის 9 საათზე თბილისიდან შატილის მიმართულებით წავედით. 3:30 საათში შატილში ჩავედით, სადაც შევხდით ჩვენს გიდსა და ცხენებს, რომელთან ერთადაც შემდეგი 4 დღის განმავლობაში უნდა ვიმგზავროთ.  გიდმა მარშრუტი და მოსალოდნელი საკითხები გაგვაცნო, ცხენები ჩვენი შესაძლებლოების და გამოცდილების შესაბამისად შეგვირჩია და სოფლის უნიკალური არქიტექტურისა და კოშკების დასათვალიერებლად წავედით. საღამოს 7 საათზე ვივახშმეთ და უძველეს კოშკში არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროში გავჩერდით. მეორე დილით 8 საათზე ვისაუზმეთ, ცხენები შევკაზმეთ, ჩვენს მასპინძელ ოჯახს დავემშვიდობეთ და სოფელ მუცოსკენ გავემგზავრეთ. გზად ანატორთან შევჩერდით და მის ტრაგიკულ ისტორიას გავეცანით, რომელიც XVIII საუკუნეში შავი ჭირის შედეგად განადგურდა. ანატორიდან გზა მდინარის ნაპირს მიუყვება და გზად პატარ-პატარა დასახლებები გვხვდებოდა, სადაც ხალხი ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს და მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანი შეგვხვდა. მალე მუცოსთან მივედით, რომელიც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ცხენები დავტოვეთ და სოფლის დასათვალიერებლად ფეხით ავიარეთ 200 მეტრის სიმაღლის აღმართი. მუცოს შემდეგ კიდევ ერთი სოფელი ხონისჭალა გავიარეთ და მთაზე ასვლა დავიწყეთ ვიწრო ბილიკით, რომელიც ტყიან ფერდობს მიუყვება. კიდევ 2 საათი და ხიდოტანზე ავედით, სადაც კარვები გავშალეთ და დავბანაკდით. მესამე დღეს დილის 8 საათზე ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და მთის ქედს გავუყევით. ნახევარი საათის შემდეგ დიდ მინდორზე გავედით, რომელიც მთის ქედზე მდებარეობს და ორივე მხარეს ვიწრო ხეობებს გადაჰყურებს, საიდანაც ყოველთვის ცივი ნიავი უბერავს. მინდორზე ცხენების გაჭენებაში ერთმანეთს შევეჯიბრეთ. შემდეგ ბილიკი მთის ფერდობს გაუყვა და უღელტეხილის ძირში მივედით, სადაც შევისვენეთ, წყალი დავლიეთ და ცხენები მოვაძოვეთ. 40 წუთის შსემდეგ აწუნთის უღელტეხილზე (3500მ) ავედით, რომელიც 2 მთიან რეგიონს ხევსურეთსა და თუშეთს აკავშირებს ერთმანეთთან. უღელტეხილიდან ულამაზესი ხედები გადაიშალა ორივე მხარეს. სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ დაშვება დავიწყეთ და 3 საათის შემდეგ მივედით საბანაკე ადგილზე. მეოთხე დღეს ისევ 8 საათზე ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და მგზავრობა დავიწყეთ. ბილიკი უმეტესად მთის ფერდობს მიუყვება და ვიწრო ხეობაში მიდის თუშეთის სოფლებისაკენ. გზად მწყემსებიც შეგვხვდნენ, რომლებსაც ზაფხულის საძოვრებზე ჰყავდათ ცხვარი ამორეკილი და თუშური გუდის ყველს ამზადებდნენ. ორი საათის შემდეგ უძველესი ნასოფლარი ჭონთიო გავიარეთ და სოფელ გირევში ჩავედით, სადაც სასაზღვრო პოლიციასთან საშვის შესამოწმებლად გავჩერდით. გირევიდან უკვე საავტომობილო გზით ჩავედით სოფელ ჭეშოში, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროში გავჩერდით. მეხუთე დღეს 8 საათზე ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და სოფელ დართლოსკენ გავემგზავრეთ, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაშია და სადაც XII საუკუნით დათარიღებული უძველესი სასამართლო მდებარეობს. დართლო ასევე გამორჩეულია სახლის კედლებზე ამოტვიფრული პეტროგლიფებით. დართლოდან გზა სოფელ ჩიღოსკენ გავაგრძელეთ. ჩიღოდან კი სანარის უღელტეხილით (2500 მ) დიკლოში გადავედით და საღამოს 5 საათზე სოფელ შენაქოში მივედით, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროში გავჩერდით. მეექვსე დღეს 8 საათზე ვისაუზმეთ, ცხენებს დავემშვიდობეთ და ავტომობილით თბილისისკენ გავემგზავრეთ.

    სტატიის ავტორი:

    2022-04-19

    სრულად ნახვა
    ტურების გამოცდილება 
    ისტორიული საცხენოსნო ბილიკები საქართველოში
    ჩვენი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ისეთი მარშრუტის გავლაა, რომელსაც მწყემსები იყენებდნენ 50 წლის წინ და დღეს მისი ბილიკები ზოგიერთ ადგილზე გამქრალია. თბილისში საცხენოსნო გიდი დაგვხვდა, რომელიც ერთადერთია, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი და ბილიკებსაც კარგად იცნობს. ჩვენმა გიდმა ყველა მოსალოდნელი თავგადასვლისთვის მოგვამზადა და გვითხრა, რომ წინ დიდი სილამაზე გველოდება. მეორე დღეს კახეთისკენ გავემგზავრეთ და 2 საათში მივაღწიეთ ბილიკის დასაწყისს, სადაც ცხენები გველოდებოდნენ, რომლებმაც წინა დღეს 60 კილომეტრი გამოიარეს ჩვენთან შესახვედრად.  ცხენით ჯირითის და საცხენოსნო ტურებზე ყოფნის გამოცდილების მიხედვით ჩვენმა გიდმა შესაბამისი ცხენები შეგვირჩია. მალე შევკაზმეთ, ერთ ცხენს ჩანთები და საჭმელი ავკიდეთ და გზას გავუდექით. ბილიკი ტყიან ქედს მიუყვება და საწყისი წერტილიდან 1300 მეტრით მაღლა ადის. ბილიკის ზოგიერთი მონაკვეთი ეკალ-ბარდით იყო დაფარული და ცხენებს გავლა უჭირდა, რის გამოც ხელით გაჯაგვა და გასუფთავება გვიწევდა. ინფორმირებულები ვიყავით, რომ საბანაკემდე სასმელად ვარგისი წყალი არ შეგვხვდებოდა ამიტომ წინასწარ მოვიმარაგეთ, საბედნიეროდ ღრუბლიანი ამინდი იყო და წყალიც საბანაკემდე გვეკმარა. 4 საათი დაგვჭირდა სანამ მთავარ ქედზე ავედით. ბოლო მონაკვეთი ისეთი ციცაბო იყო ცხენებიდან ჩამოვედით და ფეხით ავიარეთ. ნახევარი საათის შემდეგ მივედით მწყემსების ძველ სადგომთან, სადაც ცხენებს წყალი დავალევინეთ და გზა გავაგრძელეთ. კიდევ ერთი საათი და ტყიანი მასივიდან მაღლა ავედით. მალე საბანაკესაც მივაღწიეთ, საიდანაც ულამაზესი ხედი გადაიშალა ალაზნის ველზე. ჩვენმა გიდმა სასმელი წყალი მოიტანა. საველე პირობებისთვის შესაფერისი სუპი გავაკეთეთ, თბილისიდან წამოღებული ხაჭაპურიც გვაქვს, ვახშმობის შემდეგ ცოტა ვილაპარაკეთ, ერთმანეთის შესახებ მოვყევით და კარვებს მივაშურეთ დასაძინებლად. მოგზაურობის დაწყებიდან მეორე დღეს მზის ამოსვლისას გავიღვიძეთ, ვისაუზმეთ, კარვები ავკეცეთ, ცხენები შევკაზმეთ და 9 საათზე დავიწყეთ მგზავრობა. ბილიკი კლდიან ფერდობს მიუყვება და მთის ქედზე ადის. უღელტეხილამდე ამ ქედზე უნდა ვიაროთ. დღეს, საღამომდე წყალი არ შეგვხვდება, ამიტომ დილით საკმარისი რაოდენობის წყალი ავიღეთ და ცხენებსაც დავალევინეთ. მგზავრობის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ მწყემსს შევხვდით, რომლის ბინის მოშორებითაც მისი ძაღლების მიერ მოკლული მგელი ვნახეთ, იქვე ახლოს კი დათვის ნაკვალევი იყო ბილიკზე, რომელსაც იმ ღამეს უნდა გაევლო, წვიმის შემდეგ.  12:00 საათზე ავედით მთავარ ქედზე, საიდანაც თუშეთის ორი მწვერვალი ქომიტო და დიკლოს მთა გამოჩნდა, მოპირდაპირე ფერდობზე კი თუშეთთან დამაკავშირებელი აბანოს უღელტეხილი. 40 წუთის შემდეგ უღელტეხილზე (3145) ავედით, რომელიც საბანაკედან 1580 მეტრით მაღლა მდებარეობს და 4 კილომეტრითაა დაშორებული. ვინაიდან ამინდი კარგია და არ ცივა გადავწყვიტეთ უღელტეხილზევე გვესადილა. ნახევარი საათის შემდეგ ქვიშიანი ბილიკით ქვემოთ დაშვება დავიწყეთ. ქვიშებში პატარა გუბე შევნიშნეთ, მაგრამ მასთან მისასვლელი გზა ცხენებისთვის უსაფრთხო არ იყო, ამიტომ გზა გავაგრძელეთ და დიდგვერდში ჩავედით, სადაც ცხენებისთვის საკმარისი ბალახია.  16:00 საათზე მივედით საბანაკესთან, რომლის გვერდითაც წყლის პატარა ნაკადული ჩამოდის, აღმოსავლეთიდან კლდიანი მთებითაა შემოსაზღვრული დასავლეთისკენ კი ალპური მდელოები პანკისის ხეობის მიმართულებით ძაბრის ფორმას ქმნის. მთელი დღის მწყურვალმა ცხენებმა წყალი დალიეს, უნაგირები მოვხადეთ და მინდორზე გავუშვით საბალახოდ. მესამე დღე ნისლიანი გათენდა. კარავიდან რომ გამოვედით მთელი ბანაკი ნისლში იყო გახვეული, მხოლოდ ერთი ცხენის ლანდს ვხედავდით, რომელიც ყველაზე ახლოს იყო კარავთან დაბმული. 08:00 საათი იყო, რომ ვისაუზმეთ და დავიწყეთ მომზადება გასამგზავრებლად. 09:00 საათზე ცხენებზე შევსხედით და სამცორნოს უღელტეხილზე ასვლა დავიწყეთ. მალე ბილიკი გაქრა და ციცაბო ქვიშიან ფერდობზე მხოლოდ გამოცდილი გიდის იმედად მივიკვლევდით გზას.  ისეთი ნისლი იყო 20 მეტრის იქით აღარაფერი ჩანდა. ნახევარი საათის განმავლობაში ვერ ვხვდებოდით სად მივდიოდით, ან რა გველოდა წინ, მაგრამ მალე სურათი რადიკალურად შეიცვალა, ნისლები გაქრა და მზემ გამოანათა. 10:15 საათზე უღელტეხილზე (3020 მ) ავედით, საიდანაც თუშეთისა და კახეთის ულამაზესი მთები და ღრმა ხეობები გამოჩნდა. ისეთი სილამაზე იყო რამდენიმე წუთით გაჩერება გადავწყვიტეთ, შემდეგ კი თუშეთისაკენ ჩავუყევით ქვიშიან ფერდობს, სადაც ბილიკი მკრთალად ეტყობა. ერთი საათის შემდეგ სამყირნეს ულამაზეს ლურჯ ტბასთან მივედით, 15 წუთით დავისვენეთ და ხევებით დაღარულ ხეობას ჩავუყევით. თანდათან ხევები გაერთიანდა და მდინარედ გადაიქცა, შემდეგ მდინარის მეორე მხარეს გავედით და ორწყალში ჩავედით, საიდანაც კიდევ ერთი აღმართი დაიწყო მერე კი, ალბათ ამ მარშრუტის ყველაზე რთულ მონაკვეთს მივადექით. ბილიკი კდეშია გაჭრილი. ჩვენი ცხენები ისეთი გამოცდილიები არიან ასეთ გზებზე სიარულში, რომ ადამიანზე კარგად დადიან კლდიან ფერდობებზე. ამ ბილიკს მხოლოდ მწყემსები იყენებენ და იშვიათად ტურისტები. მალე მწყემსები გამოჩნდნენ, რომლებიც ცხვარს პარსავდნენ. დაგვინახეს თუ არა დაგვიძახეს, საჭმელი, ჩაი და ყავა შემოგვთავაზეს. ჩვენც ცხენები ღობეზე მივაბით და შიგნით შევედით. სანამ წყალი ადუღდებოდა ცხვრის გაპარსვის პროცესი გადავიღეთ და გუდის ყველი ვიყიდეთ. მწყემსებს დავემშვიდობეთ და გზა გავაგრძელეთ. ერთი საათის შემდეგ თუშეთის პირველი სოფლები საჩიღოლო, ვესტმო და ვესტომთა გამოჩნდა. ვესტმოში მივედით და მდინარის ნაპირთან დავბანაკდით. მეოთხე დღე ღრუბლიანი გათენდა. პროგნოზი გვიჩვენებდა, რომ 14:00 საათიდან იწვიმებდა, ამიტომ ვჩქარობდით, რომ კეხის უღელტეხილზე წვიმის დაწყებამდე ავსულიყავით. 11:00 საათი იყო, საბუეში მწყემსებმა შეგვიპატიჟეს სადილზე, მათ მიერ დამზადებული ხაჭოსგან მომზადებული ტრადიციული თუშური კერძი ხავიწი გააკეთეს, ბოსტანიდან ახალი მწვანილი და სალათის ფოთოლი შემოიტანეს, ცხელი ჩაი და ყავაც დავლიეთ და 13:00 საათზე ავედით კეხის უღელტეხილზე (2600 მ).  როდესაც სოფელ ჟველურთისკენ მივდიოდით წვიმის წვეთები წამოვიდა, სასწრაფოდ საწვიმარი ქურთუკები მოვიცვით და გზა გავაგრძელეთ. ბილიკი ჯერ მთის ფერდობს მიუყვებოდა, შემდეგ ხეობაში ჩავედით და მდინარის გასწვრივ სამანქანე გზით მივედით სოფელ ომალოში. ამ ხნის განმავლობაში წვიმას არ გადაუღია, მაგრამ წყალგაუმტარი ტანსაცმელი და ულამაზესი ბუნება გვეხმარებოა რთული დღის გადალახვაში. 17:00 საათი იყო, როდესაც სოფელ შენაქოში, წინასწარ დაჯავშნილ საოჯახო სასტუმროში მივედით. სველი უნაგირები მოვხსენით ცხენებს და დავემშვიდობეთ, შემდეგ ცხელი შხაპი მივიღეთ, უგემრიელესი თუშური კერძები დავაგემოვნეთ და კომფორტულ საძინებლებში ავედით.  მთელი ღამე იწვიმა, გამთენიისას წვიმა შეწყდა და სოფელში ნისლი ჩამოწვა, შემდეგ კი მზემ გამოანათა. 09:00 საათზე მძღოლი მოვიდა. ჩვენ ვისაუზმეთ, მასპინძელ ოჯახს დავემშვიდობეთ, სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ და თბილისში დავბრუნდით.  

    სტატიის ავტორი:
    horsetours.ge
    2022-04-19

    სრულად ნახვა
    სიახლეები 
    საცხენოსნო ტურები ერთ სივრცეში - horsetours.ge-მ GITA-ს ₾30 000-იანი გრანტი მოიპოვა
    გამარჯვებული პროექტი, Horsetours.ge წარმოადგენს საცხენოსნო ტურიზმის პლატფორმას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხენოსნო ტურებს, საცხენოსნო გამყოლებსა და რანჩოებს - რაც მომხმარებელს ეხმარება, მარტივად მოძებნოს და დაჯავნოს მისთვის სასურველი საცხენოსნო ტური. ხოლო აღნიშნულ სფეროში ჩართულ მცირე ბიზნესებს აძლევს საშუალებას, მათი პროდუქტი უფრო მეტად ხელმისაწვდომი და დამატებითი შემოსავლის მომტანი გახდეს. „Hoursetours.ge არის ინოვატორული მიდგომა ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნისთვის და ახალი ეტაპის დასაწყისი საცხენოსნო ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოში. პროექტი გამორჩეული იქნება თავისი სპეციფიკითა და ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე ორიენტირებით. ეს მიდგომა მომხმარებლისთვის დიდ კომფორტს შექმნის, რადგან მას აღარ მოუწევს სხვადასხვა ველს შორის ეძებოს საცხენოსნო ტური. გარდა ამისა, მხოლოდ ერთ მიმართულებაზე ორიენტირება საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტად ხარისხიანი, საინტერესო და უნიკალური ტურები შევთავაზოთ მომხმარებელს. რაც შეეხება გამარჯვებას, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონალურ მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საცხენოსნო ტურიზმის გაციფრულებას და გაცილებით ნაკლებ დროში მივაღწიოთ დასახულ მიზნებს“, - აღნიშნავენ Hoursetours.ge-ის გუნდში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის ფარგლებში საპილოტე რეგიონი კახეთია, თავდაპირველად, აქცენტი სწორედ ამ ტერიტორიის გაციფრულებაზე გაკეთდება. თუმცა, დამფუძნებლების განცხადებით, საბოლოო მიზანი საქართველოს ყველა რეგიონის ათვისებაა. „საქართველოს ლანდშაფტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ცხენით გადაკვეთო მთლიანი ტერიტორია. ეს კი, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მუდმივად სიახლეებითა და დაუვიწყარი თავგადასავლებით სავსე ტურები შევთავაზოთ მომხმარებლებს. გვსურს, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ დარგის გაციფრულებას, სერვისების გაერთიანებას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, ლაგოდეხის ეროვნული პარკი, თუშეთის დაცული ტერიტორიები, პანკისის ხეობა, ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები არის კახეთის რეგიონში არსებული საცხენოსნო ტურიზმისთვის შესაფერისი საუკეთესო ადგილები. მათი სრული პოტენციალის ათვისების შემდეგ ადგილობრივი, მეცხენეები, საცხენოსნო გამყოლები, რანჩოები, მცირე და დიდი სასტუმროები, კვების ობიექტები და მძღოლები, მიიღებენ დიდ ეკონომიკურ სარგებელს, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც სურს მიიღოს დამატებითი შემოსავალი, ახალი სერვისებისა და მომსახურების ათვისებით“, - განმარტავენ დამფუძნებლები.

    სტატიის ავტორი:
    Entrepreneur
    2022-04-19

    სრულად ნახვა
    ტურების გამოცდილება 
    საცხენოსნო ტური კავკასიონზე
    ჩვენი მოგზაურობა თბილისიდან თუშეთის მიმართულებით გრძელდება. დილის 9 საათზე მძღოლი მოვიდა, ჩანთები მანქანაში ჩავალაგეთ და კახეთის მიმართულებით გავემგზავრეთ. ორი საათის შემდეგ დაიწყო თუშეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც სტორის ვიწრო ხეობას მიუყვება და ნელნელა უღელტეხილზე (2960 მ) ადის. უღელტეხილიდან გზა თუშეთის სოფლებისკენ გავაგრძელეთ. კიდევ 2 საათი და ომალოში მივედით, სადაც კესელოს კოშკები და ეთნოგრაფიული მუზეუმი დავათვალიერეთ მერე კი სოფელ შენაქოში გადავედით, რომელიც გამორჩეულია თავისი აივნიანი სახლებით და საკრალური ადგილებით. შენაქოში დაგვხვდა ცხენები, რომლებიც ჩვენი თანამგზავრები იქნებიან შემდეგი 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი ისევ შენაქოში დაბრუნდებიან. შენაქოში საოჯახო ტიპის სასტუმროში დავრჩით. საღამოს 7 საათზე უგემრიელესი თუშური კერძები დავაგემოვნეთ და სოფლის ახალგაზრდებს შევუერთდით, რომლებიც ყოველ საღამოს კოცონს ანთებენ და ადგილობრივი მუსიკისა და სიმღერებით ერთობიან. მეორე დღეს 8 საათზე ვისაუზმეთ, ცხენები შევკაზმეთ და გასამგზავრებლად მოვემზადეთ. მას შემდეგ, რაც მასპინძელ ოჯახს დავემშვიდობეთ სანარეს უღელტეხილისკენ (2500 მ) გავემგზავრეთ. ბილიკი ულამაზესი ფიჭვნარით დაფარულ მთის ფერდობს მიუყვება და უღელტეხილზე ადის, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება თუშეთის 3 ხეობაზე. უღელტეხილიდან ქვევით დავეშვით და ჩიღოში ავედით, საიდანაც საავტომობილო გზით სოფელ დართლოში მივედით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაშია შეტანილი. დართლო ასევე გამორჩეულია სახლის კედლებზე ამოტვიფრული პეტროგლიფებითა და უძველესი სასამართლოთი, რომელიც XII საუკუნით არის დათარიღებული. დართლოდან სოფელ ჭეშოშიმივედით, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროში გავჩერდით. მესამე დღეს ისევ 8 საათზე ვისაუზმეთ და გასამგზავრებლად მოვემზადეთ. ამინდი შესანიშნავი იყო, რაც მგზავრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა. 10 საათზე სოფელ ფარსმაში მივედით. გიდმა მისი ისტორია და მასთან დაკავშირებული საინტერესო ლეგენდები მოგვიყვა და გზა სოფელ გირევისკენ გავაგრძელეთ, სადაც სასაზღვრო პოლიციასთან საშვი ავიღეთ და  ვიწრო ბილიკებით მთის ფერდობს გავუყევით. ბილიკი ღრმად შედის ხეობაში და პერიოდულად მდინარეს კვეთს, თუმცა ცხენებით მდინარის გადალახვა ძალიან მარტივია. საღამოს 5 საათი იყო, როდესაც საბანაკე ადგილზე მივედით, რომელიც ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს.  მეოთხე დღეს 8 საათზე ვისაუზმეთ, კარვები ავკეცეთ და გასამგზავრებლად მოვემზადეთ, რა დროსაც წვიმა დაიწყო. ყველამ მოვამზადეთ საწვიმარი ტანსაცმელი და ცხენებზე შევსხედით, სანამ უღელტეხილზე ავედით სეტყვა წამოვიდა, რამაც მგზავრობა გაართულა, მაგრამ სეტყვა დიდხანს არ გაგრძელებულა და მალე აწუნთის უღელტეხილზე ავედით, რომელიც ზღვის დონიდან 3500 მეტრზე მდებარეობს.  უღელტეხილიდან სწრაფად დავიწყეთ ქვემოთ დაშვება. ამასობაში მზეც გამოვიდა და ნისლებში ულამაზესი მთები გამოჩნდა. მთის ბილიკებით სოფელ მუცოსთან ჩავედით, რომელიც ულამაზეს ადგილზეა გაშენებული და თვალწარმტაც სანახაობას ქმნის. მუცოდან სოფელ შატილის მიმართულებით გავემგზავრეთ და საღამოს 5 საათზე წინასწარ დაჯავშნი საოჯახო სასტუმროში გავჩერდით. მეხუთე დღეს ცხენებს დავემშვიდობეთ, რომლებმაც ეს გზა უკან უნდა გაიარონ და ისევ შენაქოში მივიდნენ, ჩვენ კი შატილიდან ავტომობილით თბილისში დავბრუნდით.

    სტატიის ავტორი:

    2022-04-15

    სრულად ნახვა
    ცხენების შესახებ 
    ცხენის სხეულის ენა
    ცხენები სიტყვებს ნამდვილად არ ამბობენ, მაგრამ თავისი გამორჩეული სხეულის ენით ძალიან მარტივია მათთან საუბარი. თვალები, ყურები, ტუჩები, კანი, კიდურები და კუდი, სხეულის ის ნაწილებია რომლითაც ცხენი განწყობას, ტკივილს და ემოციას გამოხატავს. ცხენებთან ურთიერთობა და დაკვირვება კი აუცილებლად დაგეხმარებათ მათი ენის შესწავლაში. პირველ რიგში დავიწყოთ ყურებით. ცხენის ყურები ისევე როგორც კიდურები ძალიან მგრძნობიარე ნაწილებია, რაც განპიროებულია ნერვული დაბოლოებებით. თუ კი, ცხენმა ყურები უკან გადაცქვიტა ნიშანია იმის, რომ არ მოსწონს მის გარშემო არსებული ქცევა, იქნება ეს ადამიანის, ცხენის თუ სხვა რომელიმე ცხოველის მიერ გამოწვეული. ასეთ დროს ცხენის მხრიდან მოსალოდნელია თავდაცვითი მოქმედებები ისეთები როგორიცაა კბენა, წიხლი, ან ტორის დარტყმა. ზოგიერთ ცხენს ადამიანის მიახლოებისას ახასიათებს ყურების უკან გადაცქვეტა და თავის წინ გაწევა, რადგან არ სურს მოსალოდნელი უნაგირის დადგმა ან შეჯდომა, ასეთ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან ავიცილით ცხენის მხრიდან მოსალოდნელი თავდაცვითი ქმედება.  იმ შემთხვევაში, თუ ცხენით მგზავრობთ, ან სეირნობთ და თქვენს უკან ცხენოსანი მოდის ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხენის ყურებს, რადგან უკან მომავალი ცხენოსნის ახლოს მოსვლის შემთხვევაში, ისეთ მანძილზე რამაც შესაძლოა თქვენს ცხენს დისკომფორტი შეუქმნას მოსალოდნელია მისი მხრიდან წიხლის გაქნევა უკან მომავალის მიმართულებით, რაც ხშირ შემთხვევაში ცხენოსნის დაზიანებით სრულდება. თქვენი ცხენი ყურების უკან გადაცქვეტითა და თავის მკვეთრი მოძრაობით უშვებს გამაფრთხილებელ სიგნალს უკან მყოფი ცხენის მიმართ, რომელსაც დიდი ალბათობით ის ცხენი ვერ შეამჩნევს და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ლაგამის მკვეთრი მოძრაობით და დეზის მსუბუქი შემორტყმით უკან მომავალ მხედარს თავიდან აარიდოთ მოსალოდნელი დაზიანება. ცხენს შეუძლია კანის მკვეთრი მოძრაობა სხეულის ნებისმიერ წერტილში, რაც მწერებისგან თავდაცვის მიზნით გამოუმუშავდა. იმ შემთხვევაში, თუ ცხენს ეხებით, ეფერებით ან მის კანზე არსებულ დაზიანებას ამოწმებთ და კანის მკვეთრი მოძრაობა დაიწყო უმჯობოსია შეწყვიტოთ მის კანზე შეხება, თუ კი რამე სახის აუცილებელ სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს. თუ შეამჩნიეთ, რომ ცხენი კოჭლობს და არ აღენიშნება არანაირი ზედაპირული დაზიანება ან შესიება, აუცილებლად კიდურის მთელ სიგრძეზე ხელით უნდა მოსინჯოთ და იპოვოთ კოჭლობის მიზეზი. როდესაც ხელით იმ ადგილს შეეხებით, რის გამოც კოჭლობს ცხენი აუცილებლად გააკეთებს მკვეთრ მოძრაობას, რაც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია ფეხის ზემოთ აწევით ან ნაბიჯის გადადგმით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ზედაპირული დათვალიერებით ვერ შეძელით დაზიანების აღმოჩენა საჭიროა ჩლიქის შემოწმება სამედიცინო ჩაქუჩით ან მსგავსი ინსტრუმენტით, მასზე მსუბუქი დარტყმით ყველა მხრიდან. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ სხეულის ტემპერატურას. არის შემთხვევები, როდესაც პირველადი დათვალიერებით დაზიანება არ აღინიშნება, მაგრამ ჩლიქი, ან რომელიმე ნაწილი გახურებულია იგივე კიდურის სხვა ნაწილთან შედარებით. ყურების დაცქვეტა, თავის ზემოთ აწევა და ერთ ადგილას გაშეშება ნიშანია იმის, რომ რაღაცამ ცხენის ყურადღება მიიპყრო, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის მხედველობისთვის და სმენისთვის შეუმჩნეველი მოძრაობა, ან ხმაური და ცხენის ასეთი ქცევა გაფრთხილებად უნდა მიიღოთ. ცხენით მგზავრობისას, ან ჭენების დროს, თუ შეამჩნევთ, რომ ცხენის კისერი და თავი ტანთან შედარებით ქვემოთ არის დახრილი ნიშანია იმის, რომ ცხენი გადაღლილია და საჭიროებს დასვენებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სუნთქვა არ აქვს გახშირებული. არის შემთხვევები, როდესაც ცხენს ცხვირიდან სისხლი წამოუვა, რაც ზედმეტი ჭენებისგან და გადახურებისგან არის გამოწვეული და აუცილებლად უნდა დაასვენოთ. ეს ერთი მხრივ კარგიც კი არის, რადგან თავიდან იქნა აცილებული წნევის აწევისგან ცხენის წაქცევა და სიკვდილი. იმ შემთხვევაში, თუ ცხენი ჭენებისგან და გადახურებისგან წაიქცა და ადგომას ვეღარ ახერხებს, იმ შემთხვევაში, თუ თან არ გაქვთ შესაბამისი სამედიცინო საშუალებები, აუცილებლად უნდა დაუსეროთ კანი ისე რომ სისხლი წამოუვიდეს. თუ ბასრი საგანი არ გაქვთ, მაშინ ჯოხი ან სხვა რამე წვრილი და გრძელი ნივთი უნდა შეუყოთ ნესტოში სისხლის გამოდენის მიზნით. ეს ერთადერთი საშუალებაა ცხენის გადარჩენისთვის. “შარდის შეხუთვა” ერთერთი ცუდი და მომაკვდინებელი შემთხვევა, რაც მხოლოდ ადამიანის დაუდევრობით შეიძლება იქნას გამოწვეული. ასეთ დროს ცხენს უჭირს მოშარდვა, ან საერთოდ ვეღარ ახერხებს ამას, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ულაყს, ან იაბო (დააკოდილი მამალი ცხენი) ცხენს შეიძლება დაემართოს, დიდ მანძილზე გადაადგილების დროს, (ფაშატ ცხენს მსგავსი პრობლემა არ აწუხებს). მგზავრობის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ ორ საათამდე შუალედში აუცილებლად უნდა გაჩერდეთ, ჩამოხვიდეთ ცხენიდან, გამოუღოთ ლაგამი ბალახის მოძოვის მიზნით და დაელოდ სანამ ცხენი არ მოშარდავს, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გააგრძელოთ გადაადგილება,  რათა თავიდან იქნას აცილებული “შარდის შეხუთვა”. პირველი შესვენებიდან მეორე შესვენებამდე დრო შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი და ცხენის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.  ჭიხვინი, ხვიხვინი, ფრუტუნი და სტვენის მაგვარი ხმა, რომელსაც მხოლოდ ულაყი გამოსცემს არის, ცხენის განსხვავებული ტონალობისა და ჟღერადობის ხმები. თითოეულ მათგანს სიტუაციის მიხედვით იყენებს. ჭიხვინს უფრო ხშირად დაძახების ნიშნად იყენებს. ჭიხვინით შეუძლია ცხენების მოძებნა დიდ მანძილზე, რადგან, როგორც წესი სხვა ცხენებიც ჭიხვინითვე უპასუხებენ და მხოლოდ სუნით არ მოუწევს მათ  

    სტატიის ავტორი:
    horsetours.ge
    2021-12-23

    სრულად ნახვა
    ცხენების შესახებ 
    რა უნდა იცოდეთ ცხენების შესახებ
    ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) — ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს, რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი. ცხენს კარგი მხედველობა, სმენა და ყნოსვა აქვს. შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი. მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას. ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები. მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მწერები. მწერების მოგერიებაში ცხენს ეხმარება გრძელი კუდიც.  ცხენი ბალახის მჭამელი ცხოველია. მცენარეული საკვების შესაბამისად აგებულია მისი კბილები და კუჭ-ნაწლავიც. ცხენი არ იცოხნის საკვებს მან საძოვარზევე უნდა მოასწროს საკვების დაღეჭვა. ამიტომ ძალიან კარგად განვითარებული კბილები აქვს, რის გამოც მისი ყბებიც გრძელია: გრძელი ყბები კი ცხენის თავს წაგრძელებულ ფორმას აძლევს. ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი და წინ დახრილი მჭრელი კბილი აქვს. ამ მჭრელებით ცხენი ბალახს გლეჯს. ეშვები მხოლოდ ულაყს აქვს, მაგრამ ისინი ძალიან დაპატარავებულია. მჭრელების უკან ყბებზე უკბილო მანძილია, რომლის შემდეგ ორივე ყბის თითოეულ მხარეზე ექვსი ძირითადი კბილია. ძირითადი კბილები დიდია, მათი ზედაპირი ბრტყელია და მინანქრის ნაოჭებითაა დაფარული.ასეთი კბილების საშუალებით ცხენი ძალიან კარგად ღეჭავს ბალახს, თივას და სხვა მცენარეულ საკვებს. ცხენის კუჭი დიდი მოცულობისაა, მაგრამ მარტივი აგებულებისა, ე.ი. არ არის დაყოფილი, როგორც მცოხნელებში. სამაგიეროდ ცხენს გაცილებით დიდი ბრმანაწლავი აქვს, ვიდრე მცოხნელებს. ძნელად მოსანელებლი მცენარეული საკვები ნაწილობრივ ბრმა ნაწლავში განიცდის მონელებას. ცხენის ნაწლავების საერთო სიგრძე სხეულის სიგრძეს მხოლოდ 10-ჯერ აჭარბებს, იმ დროს როდესაც მცოხნელებში ნაწლავები სხეულის სიგრძეზე 20-ჯერ გრძელია. ამიტომ ცხენი ნაკლებად არის შეგუებული დიდი მოცულობის უხეში საკვების ჭამას, მას უფრო მეტად ესაჭიროება ნოყიერი საკვები, როგორიცაა ქერი ან შვრია. ცხენის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელს, ზოგჯერ 40-50 წელსაც აღწევს. ცხენი შობს ერთ კვიცს, იშვიათ შემთხვევაში — ორს. ახალდაბადებულ კვიცს, დაბადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, შეუძლია ფეხზე დგომა და მალე დედასთან დადევნებაც კი. შინაური ცხენის ჯიშები მრავალგვარია. ისინი შესასრულებელი სამუშაოს მიხედვითაა სპეციალიზებული. მაგალითად არიან: საჯდომი, მარბოლარი, მძიმე ტვირთმზიდავი ცხენები. ჩვენში ცხენის მრავალი ადგილობრივი ჯიშია შექმნილი, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ვლადიმირული მძიმე ტვირთმზიდავი ცხენი. მარბოლარი ჯიშის ცხენებიდან განთქმულია მარბოლარი ცხენი, რომელიც უკვე საუკუნენახევარზე მეტია რაც გამოიყვანეს. საჯდომი ცხენებიდან ცნობილია დონური ცხენი, რომელიც დონის ველების პირობებში ჩამოყალიბდა. ამ ჯიშს იყენებენ არმიაში. მისი უპირატესობა ისაა, რომ მას შეუძლია ტვირთის გადაზიდვა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება. ამ ცხენის შემდგომი გაუმჯობესების შედეგად შექმნილია ახალი ჯიში, ე. ი. ბუდიონური ცხენი. ცხენების ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია თუშური და მეგრული ცხენები. თუშური ცხენი კარგადაა შეგუებული მთაში არსებობას და ფართოდაა მოშენებული აღმოსავლეთ საქართველოში. ის კარგ საჯდომ-სასაპალნე ცხენად ითვლება. ტანით შედარებით პატარაა (სიმაღლე 140სმ-ს არ აღემატება). მეგრული ცხენი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში. ის კარგი მუშა-ცხენია და სწრაფმავალიცაა. ტანად შედარებით პატარაა (სიმაღლე 135სმ-ს აღწევს). ცხენის ჯიშის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად საქართველოშიც მუშაობენ.

    სტატიის ავტორი:
    horsetours.ge
    2021-12-21

    სრულად ნახვა
    ცხენების შესახებ 
    ცხენის წარმოშობის ისტორია
    ცხენის ისტორია 60 მილიონი წლის წინ ჩრდ. ამერიკის ტერიტორიაზე იწყება. იმ დროინდელი ცხენის წინაპარი - Protorohippus სულ რაღაც 10 კილოგრამს იწონიდა, კიდურებზე ჩლიქების ნაცვლად კი თითები ჰქონდა. წინა ფეხებზე 4, ხოლო უკანებზე სამ-სამი თითი. ეს განპირობებული იყო იმ დროინდელი კლიმატით. 60 მილიონი წლი წინ ჩრდ. ამერიკის ტერიტორია დაფარული იყო ტყეებითა და სხვადასხვა მცენარეული საფარით. დროთა განმავლობაში კლიმატის ცვლილებამ გავლენა იქონია ცხენის ევოლუციაზეც, ნიადაგის გამაგრებამ და გამოფიტვამ, გამოიწვია ცხენის კუდურებზე არსებული თითების შეხორცება და ჩლიქის ჩამოყალიბება. გარემო პირობების შედეგად განუვითარდა კიდურები, მოემატა ძალა და სისწრაფე. ეს გამოწვეული იყო არამხოლოდ კლიმატის ცვლილების გამო, არამედ მტაცებლებისგან თავის დაცვის მიზნითაც. ჯერ კიდევ კვლევის საგანს წარმოადგენს ცხენის გამოჩენა ევრაზიის და აფრიკის კონტინენტზე, ეს უნდა მომხდარიყი 1 – 2,5 მილიონი წლის წინ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდში ალიასკა და დღევანდელი რუსეთის ტერიტორია ხმელეთით უკავშირდებოდა ერთმანეთს. სწორედ ეს გზა გაიარეს ცხენებმა აზიის კონტინენტზე გადმოსასვლელად და შემდგომ ევროპაში და აფრიკაშიც გავრცელდნენ. ამის გამომწვევი მიზეზი ერთერთი ვერსიით დიდი გამყინვარების დაწყება უნდა გამხდარიყო. 10 000 წლის წინ კი, ისევე როგორც სხვა ბევრი ძუძუმწოვარი ცხოველი ცხენებიც გადაშენდნენ ჩრდ. ამერიკის ტერიტორიაზე. დაახლოებით 4500 წლის წინ ადამიანმა პირველად მოიშინაურა ცხენი, რამაც საბოლოოდ შეცვალა მსოფლიო და ის უფრო პატარა გახადა. ცხენის მოშინაურებით შემცირდა გადაადგილების დრო, დაიწყო მეურნეობის განვითარება, ომები უფრო დიდი და სასტიკი გახდა. პირველი მსოფლიო ომის დროსაც კი ცხენი ისევ აქტიურად გამოიყენებოდა გადამზიდ - გამწევ ძალად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4500 წლის წინ დაწყებული ადამიანისა და ცხენის ურთიერთობა, ძალიან მჭიდრო კავშირში იყო 20ე საუკუნის შუახანებამდე, სანამ ძრავმა და სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარებამ არ შეამცირა ცხენის როლი და ჩართულობა ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში. თანამედროვე ცხენის წინაპრად ითვლება „პრჟევალსკის ცხენი“, ერთადერთი შემორჩენილი ველური ცხენი, რომელიც არ მოუშინაურებიათ. პოლონური წარმოშობის რუსმა სამხედრო ოფიცერმა და გეოგრაფმა, შემდგომში უკვე გენარალ-მაიორმა ნიკოლაი პრჟევალსკიმ (1839-1889 წ.) 1879 წელს ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე, მონღოლეთში აღმოაჩინა ეს ჯიში, რის შემდეგაც მას „პრჟევალსკის ცხენი“ ეწოდა. მისმა რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს 1960იან წლებში მიაღწია, რის შემდეგაც მისი დაცვა და გამრავლებაზე ზრუნვა გადაწყვიტეს. თუ კი, 1945 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 13 ერთეული იყო, 2014 წლისთვის მათმა რაოდენობამ უკვე 388 მიაღწია. დღეს არსებული ცხენები და მათი მონათესავე ცხოველები, ვირი და ზებრა გაერთიანებული არიან Equus ჯგუფში.

    სტატიის ავტორი:
    horsetours.ge
    2021-12-16

    სრულად ნახვა