horsetours

ბლოგი

Sample image
ტურების გამოცდილება  - 2022-04-15
საცხენოსნო ტური კავკასიონზე

ჩვენი მოგზაურობა თბილისიდან თუშეთის მიმართულებით გრძელდება. დილის 9 საათზე მძღოლი მოვიდა, ჩანთები მანქანაში ჩავალაგეთ და კახეთის მიმართულებით გავემგზავრეთ. ორი საათის შემდეგ დაიწყო თუშეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც სტორის ვიწრო ხეობას მიუყვება და ნელნელა უღელტეხილზე (2960 მ) ადის. უღელტეხილიდან გზა თუშეთის სოფლებისკენ გავაგრძელეთ. კიდევ 2 საათი და ომალოში მივედით, სადაც კესელოს კოშკები და ეთნოგრაფიული მუზეუმი დავათვალიერეთ მერე კი სოფელ შენაქოში გადავედით, რომელიც გამორჩეულია თავისი აივნიანი სახლებით და საკრალური ადგილებით.


შენაქოში დაგვხვდა ცხენები, რომლებიც ჩვენი თანამგზავრები იქნებიან შემდეგი 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი ისევ შენაქოში დაბრუნდებიან.
შენაქოში საოჯახო ტიპის სასტუმროში დავრჩით. საღამოს 7 საათზე უგემრიელესი თუშური კერძები დავაგემოვნეთ და სოფლის ახალგაზრდებს შევუერთდით, რომლებიც ყოველ საღამოს კოცონს ანთებენ და ადგილობრივი მუსიკისა და სიმღერებით ერთობიან.
მეორე დღეს 8 საათზე ვისაუზმეთ, ცხენები შევკაზმეთ და გასამგზავრებლად მოვემზადეთ. მას შემდეგ, რაც მასპინძელ ოჯახს დავემშვიდობეთ სანარეს უღელტეხილისკენ (2500 მ) გავემგზავრეთ. ბილიკი ულამაზესი ფიჭვნარით დაფარულ მთის ფერდობს მიუყვება და უღელტეხილზე ადის, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება თუშეთის 3 ხეობაზე.
უღელტეხილიდან ქვევით დავეშვით და ჩიღოში ავედით, საიდანაც საავტომობილო გზით სოფელ დართლოში მივედით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაშია შეტანილი. დართლო ასევე გამორჩეულია სახლის კედლებზე ამოტვიფრული პეტროგლიფებითა და უძველესი სასამართლოთი, რომელიც XII საუკუნით არის დათარიღებული.
დართლოდან სოფელ ჭეშოშიმივედით, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროში გავჩერდით.
მესამე დღეს ისევ 8 საათზე ვისაუზმეთ და გასამგზავრებლად მოვემზადეთ. ამინდი შესანიშნავი იყო, რაც მგზავრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა. 10 საათზე სოფელ ფარსმაში მივედით. გიდმა მისი ისტორია და მასთან დაკავშირებული საინტერესო ლეგენდები მოგვიყვა და გზა სოფელ გირევისკენ გავაგრძელეთ, სადაც სასაზღვრო პოლიციასთან საშვი ავიღეთ და  ვიწრო ბილიკებით მთის ფერდობს გავუყევით. ბილიკი ღრმად შედის ხეობაში და პერიოდულად მდინარეს კვეთს, თუმცა ცხენებით მდინარის გადალახვა ძალიან მარტივია.
საღამოს 5 საათი იყო, როდესაც საბანაკე ადგილზე მივედით, რომელიც ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს. 


მეოთხე დღეს 8 საათზე ვისაუზმეთ, კარვები ავკეცეთ და გასამგზავრებლად მოვემზადეთ, რა დროსაც წვიმა დაიწყო. ყველამ მოვამზადეთ საწვიმარი ტანსაცმელი და ცხენებზე შევსხედით, სანამ უღელტეხილზე ავედით სეტყვა წამოვიდა, რამაც მგზავრობა გაართულა, მაგრამ სეტყვა დიდხანს არ გაგრძელებულა და მალე აწუნთის უღელტეხილზე ავედით, რომელიც ზღვის დონიდან 3500 მეტრზე მდებარეობს. 
უღელტეხილიდან სწრაფად დავიწყეთ ქვემოთ დაშვება. ამასობაში მზეც გამოვიდა და ნისლებში ულამაზესი მთები გამოჩნდა. მთის ბილიკებით სოფელ მუცოსთან ჩავედით, რომელიც ულამაზეს ადგილზეა გაშენებული და თვალწარმტაც სანახაობას ქმნის. მუცოდან სოფელ შატილის მიმართულებით გავემგზავრეთ და საღამოს 5 საათზე წინასწარ დაჯავშნი საოჯახო სასტუმროში გავჩერდით.
მეხუთე დღეს ცხენებს დავემშვიდობეთ, რომლებმაც ეს გზა უკან უნდა გაიარონ და ისევ შენაქოში მივიდნენ, ჩვენ კი შატილიდან ავტომობილით თბილისში დავბრუნდით.

ტოპ სტატიები

ბლოგი

ტოპ სტატიები