horsetours

ბლოგი

Sample image
ტურების გამოცდილება  - 2022-04-19
ისტორიული საცხენოსნო ბილიკები საქართველოში

ჩვენი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ისეთი მარშრუტის გავლაა, რომელსაც მწყემსები იყენებდნენ 50 წლის წინ და დღეს მისი ბილიკები ზოგიერთ ადგილზე გამქრალია. თბილისში საცხენოსნო გიდი დაგვხვდა, რომელიც ერთადერთია, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი და ბილიკებსაც კარგად იცნობს. ჩვენმა გიდმა ყველა მოსალოდნელი თავგადასვლისთვის მოგვამზადა და გვითხრა, რომ წინ დიდი სილამაზე გველოდება. მეორე დღეს კახეთისკენ გავემგზავრეთ და 2 საათში მივაღწიეთ ბილიკის დასაწყისს, სადაც ცხენები გველოდებოდნენ, რომლებმაც წინა დღეს 60 კილომეტრი გამოიარეს ჩვენთან შესახვედრად.  ცხენით ჯირითის და საცხენოსნო ტურებზე ყოფნის გამოცდილების მიხედვით ჩვენმა გიდმა შესაბამისი ცხენები შეგვირჩია. მალე შევკაზმეთ, ერთ ცხენს ჩანთები და საჭმელი ავკიდეთ და გზას გავუდექით. ბილიკი ტყიან ქედს მიუყვება და საწყისი წერტილიდან 1300 მეტრით მაღლა ადის. ბილიკის ზოგიერთი მონაკვეთი ეკალ-ბარდით იყო დაფარული და ცხენებს გავლა უჭირდა, რის გამოც ხელით გაჯაგვა და გასუფთავება გვიწევდა. ინფორმირებულები ვიყავით, რომ საბანაკემდე სასმელად ვარგისი წყალი არ შეგვხვდებოდა ამიტომ წინასწარ მოვიმარაგეთ, საბედნიეროდ ღრუბლიანი ამინდი იყო და წყალიც საბანაკემდე გვეკმარა. 4 საათი დაგვჭირდა სანამ მთავარ ქედზე ავედით. ბოლო მონაკვეთი ისეთი ციცაბო იყო ცხენებიდან ჩამოვედით და ფეხით ავიარეთ. ნახევარი საათის შემდეგ მივედით მწყემსების ძველ სადგომთან, სადაც ცხენებს წყალი დავალევინეთ და გზა გავაგრძელეთ. კიდევ ერთი საათი და ტყიანი მასივიდან მაღლა ავედით. მალე საბანაკესაც მივაღწიეთ, საიდანაც ულამაზესი ხედი გადაიშალა ალაზნის ველზე. ჩვენმა გიდმა სასმელი წყალი მოიტანა. საველე პირობებისთვის შესაფერისი სუპი გავაკეთეთ, თბილისიდან წამოღებული ხაჭაპურიც გვაქვს, ვახშმობის შემდეგ ცოტა ვილაპარაკეთ, ერთმანეთის შესახებ მოვყევით და კარვებს მივაშურეთ დასაძინებლად. მოგზაურობის დაწყებიდან მეორე დღეს მზის ამოსვლისას გავიღვიძეთ, ვისაუზმეთ, კარვები ავკეცეთ, ცხენები შევკაზმეთ და 9 საათზე დავიწყეთ მგზავრობა. ბილიკი კლდიან ფერდობს მიუყვება და მთის ქედზე ადის. უღელტეხილამდე ამ ქედზე უნდა ვიაროთ. დღეს, საღამომდე წყალი არ შეგვხვდება, ამიტომ დილით საკმარისი რაოდენობის წყალი ავიღეთ და ცხენებსაც დავალევინეთ. მგზავრობის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ მწყემსს შევხვდით, რომლის ბინის მოშორებითაც მისი ძაღლების მიერ მოკლული მგელი ვნახეთ, იქვე ახლოს კი დათვის ნაკვალევი იყო ბილიკზე, რომელსაც იმ ღამეს უნდა გაევლო, წვიმის შემდეგ.  12:00 საათზე ავედით მთავარ ქედზე, საიდანაც თუშეთის ორი მწვერვალი ქომიტო და დიკლოს მთა გამოჩნდა, მოპირდაპირე ფერდობზე კი თუშეთთან დამაკავშირებელი აბანოს უღელტეხილი. 40 წუთის შემდეგ უღელტეხილზე (3145) ავედით, რომელიც საბანაკედან 1580 მეტრით მაღლა მდებარეობს და 4 კილომეტრითაა დაშორებული. ვინაიდან ამინდი კარგია და არ ცივა გადავწყვიტეთ უღელტეხილზევე გვესადილა. ნახევარი საათის შემდეგ ქვიშიანი ბილიკით ქვემოთ დაშვება დავიწყეთ. ქვიშებში პატარა გუბე შევნიშნეთ, მაგრამ მასთან მისასვლელი გზა ცხენებისთვის უსაფრთხო არ იყო, ამიტომ გზა გავაგრძელეთ და დიდგვერდში ჩავედით, სადაც ცხენებისთვის საკმარისი ბალახია.  16:00 საათზე მივედით საბანაკესთან, რომლის გვერდითაც წყლის პატარა ნაკადული ჩამოდის, აღმოსავლეთიდან კლდიანი მთებითაა შემოსაზღვრული დასავლეთისკენ კი ალპური მდელოები პანკისის ხეობის მიმართულებით ძაბრის ფორმას ქმნის. მთელი დღის მწყურვალმა ცხენებმა წყალი დალიეს, უნაგირები მოვხადეთ და მინდორზე გავუშვით საბალახოდ. მესამე დღე ნისლიანი გათენდა. კარავიდან რომ გამოვედით მთელი ბანაკი ნისლში იყო გახვეული, მხოლოდ ერთი ცხენის ლანდს ვხედავდით, რომელიც ყველაზე ახლოს იყო კარავთან დაბმული. 08:00 საათი იყო, რომ ვისაუზმეთ და დავიწყეთ მომზადება გასამგზავრებლად. 09:00 საათზე ცხენებზე შევსხედით და სამცორნოს უღელტეხილზე ასვლა დავიწყეთ. მალე ბილიკი გაქრა და ციცაბო ქვიშიან ფერდობზე მხოლოდ გამოცდილი გიდის იმედად მივიკვლევდით გზას.  ისეთი ნისლი იყო 20 მეტრის იქით აღარაფერი ჩანდა. ნახევარი საათის განმავლობაში ვერ ვხვდებოდით სად მივდიოდით, ან რა გველოდა წინ, მაგრამ მალე სურათი რადიკალურად შეიცვალა, ნისლები გაქრა და მზემ გამოანათა. 10:15 საათზე უღელტეხილზე (3020 მ) ავედით, საიდანაც თუშეთისა და კახეთის ულამაზესი მთები და ღრმა ხეობები გამოჩნდა. ისეთი სილამაზე იყო რამდენიმე წუთით გაჩერება გადავწყვიტეთ, შემდეგ კი თუშეთისაკენ ჩავუყევით ქვიშიან ფერდობს, სადაც ბილიკი მკრთალად ეტყობა. ერთი საათის შემდეგ სამყირნეს ულამაზეს ლურჯ ტბასთან მივედით, 15 წუთით დავისვენეთ და ხევებით დაღარულ ხეობას ჩავუყევით. თანდათან ხევები გაერთიანდა და მდინარედ გადაიქცა, შემდეგ მდინარის მეორე მხარეს გავედით და ორწყალში ჩავედით, საიდანაც კიდევ ერთი აღმართი დაიწყო მერე კი, ალბათ ამ მარშრუტის ყველაზე რთულ მონაკვეთს მივადექით. ბილიკი კდეშია გაჭრილი. ჩვენი ცხენები ისეთი გამოცდილიები არიან ასეთ გზებზე სიარულში, რომ ადამიანზე კარგად დადიან კლდიან ფერდობებზე. ამ ბილიკს მხოლოდ მწყემსები იყენებენ და იშვიათად ტურისტები. მალე მწყემსები გამოჩნდნენ, რომლებიც ცხვარს პარსავდნენ. დაგვინახეს თუ არა დაგვიძახეს, საჭმელი, ჩაი და ყავა შემოგვთავაზეს. ჩვენც ცხენები ღობეზე მივაბით და შიგნით შევედით. სანამ წყალი ადუღდებოდა ცხვრის გაპარსვის პროცესი გადავიღეთ და გუდის ყველი ვიყიდეთ. მწყემსებს დავემშვიდობეთ და გზა გავაგრძელეთ. ერთი საათის შემდეგ თუშეთის პირველი სოფლები საჩიღოლო, ვესტმო და ვესტომთა გამოჩნდა. ვესტმოში მივედით და მდინარის ნაპირთან დავბანაკდით. მეოთხე დღე ღრუბლიანი გათენდა. პროგნოზი გვიჩვენებდა, რომ 14:00 საათიდან იწვიმებდა, ამიტომ ვჩქარობდით, რომ კეხის უღელტეხილზე წვიმის დაწყებამდე ავსულიყავით. 11:00 საათი იყო, საბუეში მწყემსებმა შეგვიპატიჟეს სადილზე, მათ მიერ დამზადებული ხაჭოსგან მომზადებული ტრადიციული თუშური კერძი ხავიწი გააკეთეს, ბოსტანიდან ახალი მწვანილი და სალათის ფოთოლი შემოიტანეს, ცხელი ჩაი და ყავაც დავლიეთ და 13:00 საათზე ავედით კეხის უღელტეხილზე (2600 მ).  როდესაც სოფელ ჟველურთისკენ მივდიოდით წვიმის წვეთები წამოვიდა, სასწრაფოდ საწვიმარი ქურთუკები მოვიცვით და გზა გავაგრძელეთ. ბილიკი ჯერ მთის ფერდობს მიუყვებოდა, შემდეგ ხეობაში ჩავედით და მდინარის გასწვრივ სამანქანე გზით მივედით სოფელ ომალოში. ამ ხნის განმავლობაში წვიმას არ გადაუღია, მაგრამ წყალგაუმტარი ტანსაცმელი და ულამაზესი ბუნება გვეხმარებოა რთული დღის გადალახვაში. 17:00 საათი იყო, როდესაც სოფელ შენაქოში, წინასწარ დაჯავშნილ საოჯახო სასტუმროში მივედით. სველი უნაგირები მოვხსენით ცხენებს და დავემშვიდობეთ, შემდეგ ცხელი შხაპი მივიღეთ, უგემრიელესი თუშური კერძები დავაგემოვნეთ და კომფორტულ საძინებლებში ავედით.  მთელი ღამე იწვიმა, გამთენიისას წვიმა შეწყდა და სოფელში ნისლი ჩამოწვა, შემდეგ კი მზემ გამოანათა. 09:00 საათზე მძღოლი მოვიდა. ჩვენ ვისაუზმეთ, მასპინძელ ოჯახს დავემშვიდობეთ, სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ და თბილისში დავბრუნდით.  

სრულად ნახვა
Sample image
ტურების გამოცდილება  - 2022-04-19
ორი მთიანი რეგიონის დამაკავშირებელი მარშრუტი

საქართველოში ჩვენი მოგზაურობის მიზანი 2 გამორჩეული მთიანი რეგიონის ხევსურეთისა და თუშეთის ულამაზესი ეროვნული პარკების, ხელუხლებელი ბუნებისა და უნიკალური კულტურის გაცნობაა. დილის 9 საათზე თბილისიდან შატილის მიმართულებით წავედით. 3:30 საათში შატილში ჩავედით, სადაც შევხდით ჩვენს გიდსა და ცხენებს, რომელთან ერთადაც შემდეგი 4 დღის განმავლობაში უნდა ვიმგზავროთ.  გიდმა მარშრუტი და მოსალოდნელი საკითხები გაგვაცნო, ცხენები ჩვენი შესაძლებლოების და გამოცდილების შესაბამისად შეგვირჩია და სოფლის უნიკალური არქიტექტურისა და კოშკების დასათვალიერებლად წავედით. საღამოს 7 საათზე ვივახშმეთ და უძველეს კოშკში არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროში გავჩერდით. მეორე დილით 8 საათზე ვისაუზმეთ, ცხენები შევკაზმეთ, ჩვენს მასპინძელ ოჯახს დავემშვიდობეთ და სოფელ მუცოსკენ გავემგზავრეთ. გზად ანატორთან შევჩერდით და მის ტრაგიკულ ისტორიას გავეცანით, რომელიც XVIII საუკუნეში შავი ჭირის შედეგად განადგურდა. ანატორიდან გზა მდინარის ნაპირს მიუყვება და გზად პატარ-პატარა დასახლებები გვხვდებოდა, სადაც ხალხი ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს და მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანი შეგვხვდა. მალე მუცოსთან მივედით, რომელიც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ცხენები დავტოვეთ და სოფლის დასათვალიერებლად ფეხით ავიარეთ 200 მეტრის სიმაღლის აღმართი. მუცოს შემდეგ კიდევ ერთი სოფელი ხონისჭალა გავიარეთ და მთაზე ასვლა დავიწყეთ ვიწრო ბილიკით, რომელიც ტყიან ფერდობს მიუყვება. კიდევ 2 საათი და ხიდოტანზე ავედით, სადაც კარვები გავშალეთ და დავბანაკდით. მესამე დღეს დილის 8 საათზე ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და მთის ქედს გავუყევით. ნახევარი საათის შემდეგ დიდ მინდორზე გავედით, რომელიც მთის ქედზე მდებარეობს და ორივე მხარეს ვიწრო ხეობებს გადაჰყურებს, საიდანაც ყოველთვის ცივი ნიავი უბერავს. მინდორზე ცხენების გაჭენებაში ერთმანეთს შევეჯიბრეთ. შემდეგ ბილიკი მთის ფერდობს გაუყვა და უღელტეხილის ძირში მივედით, სადაც შევისვენეთ, წყალი დავლიეთ და ცხენები მოვაძოვეთ. 40 წუთის შსემდეგ აწუნთის უღელტეხილზე (3500მ) ავედით, რომელიც 2 მთიან რეგიონს ხევსურეთსა და თუშეთს აკავშირებს ერთმანეთთან. უღელტეხილიდან ულამაზესი ხედები გადაიშალა ორივე მხარეს. სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ დაშვება დავიწყეთ და 3 საათის შემდეგ მივედით საბანაკე ადგილზე. მეოთხე დღეს ისევ 8 საათზე ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და მგზავრობა დავიწყეთ. ბილიკი უმეტესად მთის ფერდობს მიუყვება და ვიწრო ხეობაში მიდის თუშეთის სოფლებისაკენ. გზად მწყემსებიც შეგვხვდნენ, რომლებსაც ზაფხულის საძოვრებზე ჰყავდათ ცხვარი ამორეკილი და თუშური გუდის ყველს ამზადებდნენ. ორი საათის შემდეგ უძველესი ნასოფლარი ჭონთიო გავიარეთ და სოფელ გირევში ჩავედით, სადაც სასაზღვრო პოლიციასთან საშვის შესამოწმებლად გავჩერდით. გირევიდან უკვე საავტომობილო გზით ჩავედით სოფელ ჭეშოში, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროში გავჩერდით. მეხუთე დღეს 8 საათზე ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და სოფელ დართლოსკენ გავემგზავრეთ, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაშია და სადაც XII საუკუნით დათარიღებული უძველესი სასამართლო მდებარეობს. დართლო ასევე გამორჩეულია სახლის კედლებზე ამოტვიფრული პეტროგლიფებით. დართლოდან გზა სოფელ ჩიღოსკენ გავაგრძელეთ. ჩიღოდან კი სანარის უღელტეხილით (2500 მ) დიკლოში გადავედით და საღამოს 5 საათზე სოფელ შენაქოში მივედით, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროში გავჩერდით. მეექვსე დღეს 8 საათზე ვისაუზმეთ, ცხენებს დავემშვიდობეთ და ავტომობილით თბილისისკენ გავემგზავრეთ.

სრულად ნახვა
Sample image
ტურების გამოცდილება  - 2022-04-19
თუშეთის სათავგადასავლო საცხენოსნო ტური

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, დადგა დრო თუშეთს ვესტუმროთ, სადაც საცხენოსნო ტური გველოდება. დილის ცხრა საათზე კომფორტული მინივენი სასტუმროსთან მოვიდა, ჩანთები ჩავალაგეთ, ჩავსხედით და თუშეთის მიმართულებით წავედით. 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ გზა სტორის ხეობაში შევიდა, საიდანაც 70 კილომეტრიანი თუშეთთან დამაკავშირებელი, ცოტა დამღლელი, მაგრამ თვალწარმტაცი გზა იწყება. კიდევ ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ აბანოს უღელტეხილზე (2960 მ) ავედით. ჩვენ თვალწინ ისეთი ლამაზი ხედები გადაიშალა, რომ მიუხედავად დამღლელი გზისა დაღლას საერთოდ ვეღარ ვგრძნობდით.  უღელტეხილიდან გზა ღრმა ხეობაში ჩადის და მდინარეს მიუყვება. 6საათიანი მგზავრობის შემდეგ სოფელ შენაქოში მივედით, რომელიც გამორჩეულია აივნიანი სახლებით და დღემდე შემორჩენილი ტრადიციული ცხოვრების წესით. საღამოს 7 საათზე ვივახშმეთ და სოფლის ცენტრში დანთებულ კოცონთან ავედით. თუშეთის ღამის ცა ცალკე აღნიშვნის ღირსია. ისე მკვეთრად ჩანს ირმის ნახტომის გალაქტიკა, თითქოს ტელესკოპით აკვირდებოდე ციურ სხეულებს. დილის რვა საათზე ვისაუზმეთ და ცხენების შეკაზმვა დავიწყეთ. 9 საათზე მზად ვიყავით გასამგზავრებლად. თავდაპირველად სოფელ დიკლოს ვესტუმრეთ, სადაც ადგილობრივი გუდის ყველის დამზადების პროცესს დავესწარით მწყემსებთან, თუშური ალუდი (ლუდი) დავაგემოვნეთ და სანარეს უღელტეხილზე ავედით (2500 მ), საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები გადაიშალა ჩვენს თვალწინ. ჩვენს ზემოთ კი მტაცებელი ფრინველები დაფრინავდნენ. სოფელ ჩიღომდე მისასვლელი ხიდი დაზიანებული დაგვხვდა, ამიტომ ცხენები წყალში გავიყვანეთ, ჩვენ კი ხიდზე გადავედით. სოფლის შუაგულში საკრალური ადგილია, რომელიც ადგილობრივების რწმენით წმინდა ადგილს წარმოადგენს და მისი საზღვრები პატარა თეთრი ფერის ქვებით არის შემოსაზღვრული, სადაც შესვლა აკრძალულია. ჩიღოდან დართლოსკენ უკვე სამანქანე გზით წავედით. შემდეგი ორი საათის განმავლობაში მხოლოდ ორი მანქანა შეგვხდა, რასაც დისკომფორტი არ შეუქმნია არც ჩვენთვის და არც ცხენებისთვის. მდინარეს რომ მივუახლოვდით პატარა მდელოზე გავჩერდით, სადაც ვისადილეთ და ცხენები მოვაძოვეთ. ერთ საათიანი შესვენების შემდეგ სოფელ დართლოს ვესტუმრეთ, რომელიც იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაშია. დართლოში მდებარეობს მე-12 საუკუნით დათარიღებული სასამართლო და სახლის კედლებზე ამოტვიფრული პეტროგლიფები, რომლებიც ცალკე მისტიკურ განწყობას ქმნის.  დართლოდან სოფელ ჭეშოსკენ წავედით, სადაც ვახშამი და კომფორტული საოჯახო სასტუმრო დაგვხვდა. საღამოს ახალგაზრდებმა ცეცხლი დაანთეს და მის გარშემო შეგროვდა მთელი სოფელი თუშური ამბებისა და თავგადასავლების მოსაყოლად. მეორე დღეს ისევ რვა საათზე ვისაუზმეთ და 9 საათზე სოფელ ფარსმას მიმართულებით წავედით, საიდანაც ნაყაიჩოს უღელტეხილის ბილიკი იწყება. ამინდი შესანიშნავი იყო. სანამ უღელტეხილის ბილიკს მივუყვებოდით, გზად ველური მოცვი შეგვხვდა, რომელსაც გულგრილად ვერ ჩავუარეთ და გემრიელად შევექეცით. ბილიკზე მთის ცივი წყაროები შეგვხვდა, წყალი ავავსეთ და გზა გავაგრძელეთ. 13:00 სათზე უკვე უღელტეხილზე ვიყავით, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, საიდანაც ულამაზესი ხედები გადაიშალა თუშეთის ორ ხეობაზე, პირიქითსა და გომეწარზე.  უღელტეხილიდან გზა ქედს მიუყვება. როდესაც მთის ქედზე ცხენს მიაჭენებ და მთელს თუშეთს ზემოდან დაჰყურებ ხელუხლებელი ბუნების ნაწილი ხდები, სადაც გინდა კიდევ ბევრჯერ დაბრუნდე.  საღამოს 17:00 საათზე მირგველაში ჩავედით, სადაც პატარა საოჯახო სასტუმროში ჩვენთვის უკვე მზად იყო, წინაწარ დაჯავშნილი ოთახები და ცხელი წყალი.  მესამე დღეს, სანამ კახეთისკენ გამოვემგზავრებოდით ომალოს ციხე-კოშკებსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს ვესტუმრეთ. საღამოს 4 საათზე კი უკვე თბილისში ვიყავით.  

სრულად ნახვა
Sample image
ტურების გამოცდილება  - 2022-04-15
საცხენოსნო ტური კავკასიონზე

ჩვენი მოგზაურობა თბილისიდან თუშეთის მიმართულებით გრძელდება. დილის 9 საათზე მძღოლი მოვიდა, ჩანთები მანქანაში ჩავალაგეთ და კახეთის მიმართულებით გავემგზავრეთ. ორი საათის შემდეგ დაიწყო თუშეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც სტორის ვიწრო ხეობას მიუყვება და ნელნელა უღელტეხილზე (2960 მ) ადის. უღელტეხილიდან გზა თუშეთის სოფლებისკენ გავაგრძელეთ. კიდევ 2 საათი და ომალოში მივედით, სადაც კესელოს კოშკები და ეთნოგრაფიული მუზეუმი დავათვალიერეთ მერე კი სოფელ შენაქოში გადავედით, რომელიც გამორჩეულია თავისი აივნიანი სახლებით და საკრალური ადგილებით. შენაქოში დაგვხვდა ცხენები, რომლებიც ჩვენი თანამგზავრები იქნებიან შემდეგი 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი ისევ შენაქოში დაბრუნდებიან. შენაქოში საოჯახო ტიპის სასტუმროში დავრჩით. საღამოს 7 საათზე უგემრიელესი თუშური კერძები დავაგემოვნეთ და სოფლის ახალგაზრდებს შევუერთდით, რომლებიც ყოველ საღამოს კოცონს ანთებენ და ადგილობრივი მუსიკისა და სიმღერებით ერთობიან. მეორე დღეს 8 საათზე ვისაუზმეთ, ცხენები შევკაზმეთ და გასამგზავრებლად მოვემზადეთ. მას შემდეგ, რაც მასპინძელ ოჯახს დავემშვიდობეთ სანარეს უღელტეხილისკენ (2500 მ) გავემგზავრეთ. ბილიკი ულამაზესი ფიჭვნარით დაფარულ მთის ფერდობს მიუყვება და უღელტეხილზე ადის, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება თუშეთის 3 ხეობაზე. უღელტეხილიდან ქვევით დავეშვით და ჩიღოში ავედით, საიდანაც საავტომობილო გზით სოფელ დართლოში მივედით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაშია შეტანილი. დართლო ასევე გამორჩეულია სახლის კედლებზე ამოტვიფრული პეტროგლიფებითა და უძველესი სასამართლოთი, რომელიც XII საუკუნით არის დათარიღებული. დართლოდან სოფელ ჭეშოშიმივედით, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროში გავჩერდით. მესამე დღეს ისევ 8 საათზე ვისაუზმეთ და გასამგზავრებლად მოვემზადეთ. ამინდი შესანიშნავი იყო, რაც მგზავრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა. 10 საათზე სოფელ ფარსმაში მივედით. გიდმა მისი ისტორია და მასთან დაკავშირებული საინტერესო ლეგენდები მოგვიყვა და გზა სოფელ გირევისკენ გავაგრძელეთ, სადაც სასაზღვრო პოლიციასთან საშვი ავიღეთ და  ვიწრო ბილიკებით მთის ფერდობს გავუყევით. ბილიკი ღრმად შედის ხეობაში და პერიოდულად მდინარეს კვეთს, თუმცა ცხენებით მდინარის გადალახვა ძალიან მარტივია. საღამოს 5 საათი იყო, როდესაც საბანაკე ადგილზე მივედით, რომელიც ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს.  მეოთხე დღეს 8 საათზე ვისაუზმეთ, კარვები ავკეცეთ და გასამგზავრებლად მოვემზადეთ, რა დროსაც წვიმა დაიწყო. ყველამ მოვამზადეთ საწვიმარი ტანსაცმელი და ცხენებზე შევსხედით, სანამ უღელტეხილზე ავედით სეტყვა წამოვიდა, რამაც მგზავრობა გაართულა, მაგრამ სეტყვა დიდხანს არ გაგრძელებულა და მალე აწუნთის უღელტეხილზე ავედით, რომელიც ზღვის დონიდან 3500 მეტრზე მდებარეობს.  უღელტეხილიდან სწრაფად დავიწყეთ ქვემოთ დაშვება. ამასობაში მზეც გამოვიდა და ნისლებში ულამაზესი მთები გამოჩნდა. მთის ბილიკებით სოფელ მუცოსთან ჩავედით, რომელიც ულამაზეს ადგილზეა გაშენებული და თვალწარმტაც სანახაობას ქმნის. მუცოდან სოფელ შატილის მიმართულებით გავემგზავრეთ და საღამოს 5 საათზე წინასწარ დაჯავშნი საოჯახო სასტუმროში გავჩერდით. მეხუთე დღეს ცხენებს დავემშვიდობეთ, რომლებმაც ეს გზა უკან უნდა გაიარონ და ისევ შენაქოში მივიდნენ, ჩვენ კი შატილიდან ავტომობილით თბილისში დავბრუნდით.

სრულად ნახვა
ტოპ სტატიები

ბლოგი

ტოპ სტატიები