horsetours

ბლოგი

Sample image
ტურების გამოცდილება  - 2022-04-19
თუშეთის სათავგადასავლო საცხენოსნო ტური

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, დადგა დრო თუშეთს ვესტუმროთ, სადაც საცხენოსნო ტური გველოდება.
დილის ცხრა საათზე კომფორტული მინივენი სასტუმროსთან მოვიდა, ჩანთები ჩავალაგეთ, ჩავსხედით და თუშეთის მიმართულებით წავედით. 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ გზა სტორის ხეობაში შევიდა, საიდანაც 70 კილომეტრიანი თუშეთთან დამაკავშირებელი, ცოტა დამღლელი, მაგრამ თვალწარმტაცი გზა იწყება. კიდევ ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ აბანოს უღელტეხილზე (2960 მ) ავედით. ჩვენ თვალწინ ისეთი ლამაზი ხედები გადაიშალა, რომ მიუხედავად დამღლელი გზისა დაღლას საერთოდ ვეღარ ვგრძნობდით. 
უღელტეხილიდან გზა ღრმა ხეობაში ჩადის და მდინარეს მიუყვება. 6საათიანი მგზავრობის შემდეგ სოფელ შენაქოში მივედით, რომელიც გამორჩეულია აივნიანი სახლებით და დღემდე შემორჩენილი ტრადიციული ცხოვრების წესით.
საღამოს 7 საათზე ვივახშმეთ და სოფლის ცენტრში დანთებულ კოცონთან ავედით. თუშეთის ღამის ცა ცალკე აღნიშვნის ღირსია. ისე მკვეთრად ჩანს ირმის ნახტომის გალაქტიკა, თითქოს ტელესკოპით აკვირდებოდე ციურ სხეულებს.

დილის რვა საათზე ვისაუზმეთ და ცხენების შეკაზმვა დავიწყეთ. 9 საათზე მზად ვიყავით გასამგზავრებლად. თავდაპირველად სოფელ დიკლოს ვესტუმრეთ, სადაც ადგილობრივი გუდის ყველის დამზადების პროცესს დავესწარით მწყემსებთან, თუშური ალუდი (ლუდი) დავაგემოვნეთ და სანარეს უღელტეხილზე ავედით (2500 მ), საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები გადაიშალა ჩვენს თვალწინ. ჩვენს ზემოთ კი მტაცებელი ფრინველები დაფრინავდნენ. სოფელ ჩიღომდე მისასვლელი ხიდი დაზიანებული დაგვხვდა, ამიტომ ცხენები წყალში გავიყვანეთ, ჩვენ კი ხიდზე გადავედით. სოფლის შუაგულში საკრალური ადგილია, რომელიც ადგილობრივების რწმენით წმინდა ადგილს წარმოადგენს და მისი საზღვრები პატარა თეთრი ფერის ქვებით არის შემოსაზღვრული, სადაც შესვლა აკრძალულია. ჩიღოდან დართლოსკენ უკვე სამანქანე გზით წავედით. შემდეგი ორი საათის განმავლობაში მხოლოდ ორი მანქანა შეგვხდა, რასაც დისკომფორტი არ შეუქმნია არც ჩვენთვის და არც ცხენებისთვის. მდინარეს რომ მივუახლოვდით პატარა მდელოზე გავჩერდით, სადაც ვისადილეთ და ცხენები მოვაძოვეთ. ერთ საათიანი შესვენების შემდეგ სოფელ დართლოს ვესტუმრეთ, რომელიც იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაშია. დართლოში მდებარეობს მე-12 საუკუნით დათარიღებული სასამართლო და სახლის კედლებზე ამოტვიფრული პეტროგლიფები, რომლებიც ცალკე მისტიკურ განწყობას ქმნის. 
დართლოდან სოფელ ჭეშოსკენ წავედით, სადაც ვახშამი და კომფორტული საოჯახო სასტუმრო დაგვხვდა. საღამოს ახალგაზრდებმა ცეცხლი დაანთეს და მის გარშემო შეგროვდა მთელი სოფელი თუშური ამბებისა და თავგადასავლების მოსაყოლად.

მეორე დღეს ისევ რვა საათზე ვისაუზმეთ და 9 საათზე სოფელ ფარსმას მიმართულებით წავედით, საიდანაც ნაყაიჩოს უღელტეხილის ბილიკი იწყება. ამინდი შესანიშნავი იყო. სანამ უღელტეხილის ბილიკს მივუყვებოდით, გზად ველური მოცვი შეგვხვდა, რომელსაც გულგრილად ვერ ჩავუარეთ და გემრიელად შევექეცით. ბილიკზე მთის ცივი წყაროები შეგვხვდა, წყალი ავავსეთ და გზა გავაგრძელეთ. 13:00 სათზე უკვე უღელტეხილზე ვიყავით, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, საიდანაც ულამაზესი ხედები გადაიშალა თუშეთის ორ ხეობაზე, პირიქითსა და გომეწარზე. 
უღელტეხილიდან გზა ქედს მიუყვება. როდესაც მთის ქედზე ცხენს მიაჭენებ და მთელს თუშეთს ზემოდან დაჰყურებ ხელუხლებელი ბუნების ნაწილი ხდები, სადაც გინდა კიდევ ბევრჯერ დაბრუნდე.  საღამოს 17:00 საათზე მირგველაში ჩავედით, სადაც პატარა საოჯახო სასტუმროში ჩვენთვის უკვე მზად იყო, წინაწარ დაჯავშნილი ოთახები და ცხელი წყალი. 

მესამე დღეს, სანამ კახეთისკენ გამოვემგზავრებოდით ომალოს ციხე-კოშკებსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს ვესტუმრეთ. საღამოს 4 საათზე კი უკვე თბილისში ვიყავით.
 

ტოპ სტატიები

ბლოგი

ტოპ სტატიები