horsetours

ბლოგი

Sample image
ტურების გამოცდილება  - 2022-04-19
ისტორიული საცხენოსნო ბილიკები საქართველოში

ჩვენი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ისეთი მარშრუტის გავლაა, რომელსაც მწყემსები იყენებდნენ 50 წლის წინ და დღეს მისი ბილიკები ზოგიერთ ადგილზე გამქრალია.
თბილისში საცხენოსნო გიდი დაგვხვდა, რომელიც ერთადერთია, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი და ბილიკებსაც კარგად იცნობს. ჩვენმა გიდმა ყველა მოსალოდნელი თავგადასვლისთვის მოგვამზადა და გვითხრა, რომ წინ დიდი სილამაზე გველოდება.
მეორე დღეს კახეთისკენ გავემგზავრეთ და 2 საათში მივაღწიეთ ბილიკის დასაწყისს, სადაც ცხენები გველოდებოდნენ, რომლებმაც წინა დღეს 60 კილომეტრი გამოიარეს ჩვენთან შესახვედრად. 
ცხენით ჯირითის და საცხენოსნო ტურებზე ყოფნის გამოცდილების მიხედვით ჩვენმა გიდმა შესაბამისი ცხენები შეგვირჩია. მალე შევკაზმეთ, ერთ ცხენს ჩანთები და საჭმელი ავკიდეთ და გზას გავუდექით.
ბილიკი ტყიან ქედს მიუყვება და საწყისი წერტილიდან 1300 მეტრით მაღლა ადის. ბილიკის ზოგიერთი მონაკვეთი ეკალ-ბარდით იყო დაფარული და ცხენებს გავლა უჭირდა, რის გამოც ხელით გაჯაგვა და გასუფთავება გვიწევდა. ინფორმირებულები ვიყავით, რომ საბანაკემდე სასმელად ვარგისი წყალი არ შეგვხვდებოდა ამიტომ წინასწარ მოვიმარაგეთ, საბედნიეროდ ღრუბლიანი ამინდი იყო და წყალიც საბანაკემდე გვეკმარა.
4 საათი დაგვჭირდა სანამ მთავარ ქედზე ავედით. ბოლო მონაკვეთი ისეთი ციცაბო იყო ცხენებიდან ჩამოვედით და ფეხით ავიარეთ. ნახევარი საათის შემდეგ მივედით მწყემსების ძველ სადგომთან, სადაც ცხენებს წყალი დავალევინეთ და გზა გავაგრძელეთ.
კიდევ ერთი საათი და ტყიანი მასივიდან მაღლა ავედით. მალე საბანაკესაც მივაღწიეთ, საიდანაც ულამაზესი ხედი გადაიშალა ალაზნის ველზე.
ჩვენმა გიდმა სასმელი წყალი მოიტანა. საველე პირობებისთვის შესაფერისი სუპი გავაკეთეთ, თბილისიდან წამოღებული ხაჭაპურიც გვაქვს, ვახშმობის შემდეგ ცოტა ვილაპარაკეთ, ერთმანეთის შესახებ მოვყევით და კარვებს მივაშურეთ დასაძინებლად.
მოგზაურობის დაწყებიდან მეორე დღეს მზის ამოსვლისას გავიღვიძეთ, ვისაუზმეთ, კარვები ავკეცეთ, ცხენები შევკაზმეთ და 9 საათზე დავიწყეთ მგზავრობა.
ბილიკი კლდიან ფერდობს მიუყვება და მთის ქედზე ადის. უღელტეხილამდე ამ ქედზე უნდა ვიაროთ. დღეს, საღამომდე წყალი არ შეგვხვდება, ამიტომ დილით საკმარისი რაოდენობის წყალი ავიღეთ და ცხენებსაც დავალევინეთ.
მგზავრობის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ მწყემსს შევხვდით, რომლის ბინის მოშორებითაც მისი ძაღლების მიერ მოკლული მგელი ვნახეთ, იქვე ახლოს კი დათვის ნაკვალევი იყო ბილიკზე, რომელსაც იმ ღამეს უნდა გაევლო, წვიმის შემდეგ. 
12:00 საათზე ავედით მთავარ ქედზე, საიდანაც თუშეთის ორი მწვერვალი ქომიტო და დიკლოს მთა გამოჩნდა, მოპირდაპირე ფერდობზე კი თუშეთთან დამაკავშირებელი აბანოს უღელტეხილი. 40 წუთის შემდეგ უღელტეხილზე (3145) ავედით, რომელიც საბანაკედან 1580 მეტრით მაღლა მდებარეობს და 4 კილომეტრითაა დაშორებული.
ვინაიდან ამინდი კარგია და არ ცივა გადავწყვიტეთ უღელტეხილზევე გვესადილა. ნახევარი საათის შემდეგ ქვიშიანი ბილიკით ქვემოთ დაშვება დავიწყეთ. ქვიშებში პატარა გუბე შევნიშნეთ, მაგრამ მასთან მისასვლელი გზა ცხენებისთვის უსაფრთხო არ იყო, ამიტომ გზა გავაგრძელეთ და დიდგვერდში ჩავედით, სადაც ცხენებისთვის საკმარისი ბალახია. 
16:00 საათზე მივედით საბანაკესთან, რომლის გვერდითაც წყლის პატარა ნაკადული ჩამოდის, აღმოსავლეთიდან კლდიანი მთებითაა შემოსაზღვრული დასავლეთისკენ კი ალპური მდელოები პანკისის ხეობის მიმართულებით ძაბრის ფორმას ქმნის.
მთელი დღის მწყურვალმა ცხენებმა წყალი დალიეს, უნაგირები მოვხადეთ და მინდორზე გავუშვით საბალახოდ.

მესამე დღე ნისლიანი გათენდა. კარავიდან რომ გამოვედით მთელი ბანაკი ნისლში იყო გახვეული, მხოლოდ ერთი ცხენის ლანდს ვხედავდით, რომელიც ყველაზე ახლოს იყო კარავთან დაბმული.
08:00 საათი იყო, რომ ვისაუზმეთ და დავიწყეთ მომზადება გასამგზავრებლად. 09:00 საათზე ცხენებზე შევსხედით და სამცორნოს უღელტეხილზე ასვლა დავიწყეთ. მალე ბილიკი გაქრა და ციცაბო ქვიშიან ფერდობზე მხოლოდ გამოცდილი გიდის იმედად მივიკვლევდით გზას.  ისეთი ნისლი იყო 20 მეტრის იქით აღარაფერი ჩანდა. ნახევარი საათის განმავლობაში ვერ ვხვდებოდით სად მივდიოდით, ან რა გველოდა წინ, მაგრამ მალე სურათი რადიკალურად შეიცვალა, ნისლები გაქრა და მზემ გამოანათა. 10:15 საათზე უღელტეხილზე (3020 მ) ავედით, საიდანაც თუშეთისა და კახეთის ულამაზესი მთები და ღრმა ხეობები გამოჩნდა. ისეთი სილამაზე იყო რამდენიმე წუთით გაჩერება გადავწყვიტეთ, შემდეგ კი თუშეთისაკენ ჩავუყევით ქვიშიან ფერდობს, სადაც ბილიკი მკრთალად ეტყობა. ერთი საათის შემდეგ სამყირნეს ულამაზეს ლურჯ ტბასთან მივედით, 15 წუთით დავისვენეთ და ხევებით დაღარულ ხეობას ჩავუყევით. თანდათან ხევები გაერთიანდა და მდინარედ გადაიქცა, შემდეგ მდინარის მეორე მხარეს გავედით და ორწყალში ჩავედით, საიდანაც კიდევ ერთი აღმართი დაიწყო მერე კი, ალბათ ამ მარშრუტის ყველაზე რთულ მონაკვეთს მივადექით. ბილიკი კდეშია გაჭრილი. ჩვენი ცხენები ისეთი გამოცდილიები არიან ასეთ გზებზე სიარულში, რომ ადამიანზე კარგად დადიან კლდიან ფერდობებზე. ამ ბილიკს მხოლოდ მწყემსები იყენებენ და იშვიათად ტურისტები. მალე მწყემსები გამოჩნდნენ, რომლებიც ცხვარს პარსავდნენ. დაგვინახეს თუ არა დაგვიძახეს, საჭმელი, ჩაი და ყავა შემოგვთავაზეს. ჩვენც ცხენები ღობეზე მივაბით და შიგნით შევედით. სანამ წყალი ადუღდებოდა ცხვრის გაპარსვის პროცესი გადავიღეთ და გუდის ყველი ვიყიდეთ. მწყემსებს დავემშვიდობეთ და გზა გავაგრძელეთ. ერთი საათის შემდეგ თუშეთის პირველი სოფლები საჩიღოლო, ვესტმო და ვესტომთა გამოჩნდა. ვესტმოში მივედით და მდინარის ნაპირთან დავბანაკდით.

მეოთხე დღე ღრუბლიანი გათენდა. პროგნოზი გვიჩვენებდა, რომ 14:00 საათიდან იწვიმებდა, ამიტომ ვჩქარობდით, რომ კეხის უღელტეხილზე წვიმის დაწყებამდე ავსულიყავით. 11:00 საათი იყო, საბუეში მწყემსებმა შეგვიპატიჟეს სადილზე, მათ მიერ დამზადებული ხაჭოსგან მომზადებული ტრადიციული თუშური კერძი ხავიწი გააკეთეს, ბოსტანიდან ახალი მწვანილი და სალათის ფოთოლი შემოიტანეს, ცხელი ჩაი და ყავაც დავლიეთ და 13:00 საათზე ავედით კეხის უღელტეხილზე (2600 მ). 
როდესაც სოფელ ჟველურთისკენ მივდიოდით წვიმის წვეთები წამოვიდა, სასწრაფოდ საწვიმარი ქურთუკები მოვიცვით და გზა გავაგრძელეთ. ბილიკი ჯერ მთის ფერდობს მიუყვებოდა, შემდეგ ხეობაში ჩავედით და მდინარის გასწვრივ სამანქანე გზით მივედით სოფელ ომალოში. ამ ხნის განმავლობაში წვიმას არ გადაუღია, მაგრამ წყალგაუმტარი ტანსაცმელი და ულამაზესი ბუნება გვეხმარებოა რთული დღის გადალახვაში.
17:00 საათი იყო, როდესაც სოფელ შენაქოში, წინასწარ დაჯავშნილ საოჯახო სასტუმროში მივედით. სველი უნაგირები მოვხსენით ცხენებს და დავემშვიდობეთ, შემდეგ ცხელი შხაპი მივიღეთ, უგემრიელესი თუშური კერძები დავაგემოვნეთ და კომფორტულ საძინებლებში ავედით. 
მთელი ღამე იწვიმა, გამთენიისას წვიმა შეწყდა და სოფელში ნისლი ჩამოწვა, შემდეგ კი მზემ გამოანათა. 09:00 საათზე მძღოლი მოვიდა. ჩვენ ვისაუზმეთ, მასპინძელ ოჯახს დავემშვიდობეთ, სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ და თბილისში დავბრუნდით.
 

ტოპ სტატიები

ბლოგი

ტოპ სტატიები