×
  • horsetours

    ცხენის ისტორია 60 მილიონი წლის წინ ჩრდ. ამერიკის ტერიტორიაზე იწყება. იმ დროინდელი ცხენის წინაპარი - Protorohippus სულ რაღაც 10 კილოგრამს იწონიდა, კიდურებზე ჩლიქების ნაცვლად კი თითები ჰქონდა. წინა ფეხებზე 4, ხოლო უკანებზე სამ-სამი თითი. ეს განპირობებული იყო იმ დროინდელი კლიმატით. 60 მილიონი წლი წინ ჩრდ. ამერიკის ტერიტორია დაფარული იყო ტყეებითა და სხვადასხვა მცენარეული საფარით. დროთა განმავლობაში კლიმატის ცვლილებამ გავლენა იქონია ცხენის ევოლუციაზეც, ნიადაგის გამაგრებამ და გამოფიტვამ, გამოიწვია ცხენის კუდურებზე არსებული თითების შეხორცება და ჩლიქის ჩამოყალიბება. გარემო პირობების შედეგად განუვითარდა კიდურები, მოემატა ძალა და სისწრაფე. ეს გამოწვეული იყო არამხოლოდ კლიმატის ცვლილების გამო, არამედ მტაცებლებისგან თავის დაცვის მიზნითაც. ჯერ კიდევ კვლევის საგანს წარმოადგენს ცხენის გამოჩენა ევრაზიის და აფრიკის კონტინენტზე, ეს უნდა მომხდარიყი 1 – 2,5 მილიონი წლის წინ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდში ალიასკა და დღევანდელი რუსეთის ტერიტორია ხმელეთით უკავშირდებოდა ერთმანეთს. სწორედ ეს გზა გაიარეს ცხენებმა აზიის კონტინენტზე გადმოსასვლელად და შემდგომ ევროპაში და აფრიკაშიც გავრცელდნენ. ამის გამომწვევი მიზეზი ერთერთი ვერსიით დიდი გამყინვარების დაწყება უნდა გამხდარიყო. 10 000 წლის წინ კი, ისევე როგორც სხვა ბევრი ძუძუმწოვარი ცხოველი ცხენებიც გადაშენდნენ ჩრდ. ამერიკის ტერიტორიაზე. დაახლოებით 4500 წლის წინ ადამიანმა პირველად მოიშინაურა ცხენი, რამაც საბოლოოდ შეცვალა მსოფლიო და ის უფრო პატარა გახადა. ცხენის მოშინაურებით შემცირდა გადაადგილების დრო, დაიწყო მეურნეობის განვითარება, ომები უფრო დიდი და სასტიკი გახდა. პირველი მსოფლიო ომის დროსაც კი ცხენი ისევ აქტიურად გამოიყენებოდა გადამზიდ - გამწევ ძალად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4500 წლის წინ დაწყებული ადამიანისა და ცხენის ურთიერთობა, ძალიან მჭიდრო კავშირში იყო 20ე საუკუნის შუახანებამდე, სანამ ძრავმა და სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარებამ არ შეამცირა ცხენის როლი და ჩართულობა ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში. თანამედროვე ცხენის წინაპრად ითვლება „პრჟევალსკის ცხენი“, ერთადერთი შემორჩენილი ველური ცხენი, რომელიც არ მოუშინაურებიათ. პოლონური წარმოშობის რუსმა სამხედრო ოფიცერმა და გეოგრაფმა, შემდგომში უკვე გენარალ-მაიორმა ნიკოლაი პრჟევალსკიმ (1839-1889 წ.) 1879 წელს ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე, მონღოლეთში აღმოაჩინა ეს ჯიში, რის შემდეგაც მას „პრჟევალსკის ცხენი“ ეწოდა. მისმა რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს 1960იან წლებში მიაღწია, რის შემდეგაც მისი დაცვა და გამრავლებაზე ზრუნვა გადაწყვიტეს. თუ კი, 1945 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 13 ერთეული იყო, 2014 წლისთვის მათმა რაოდენობამ უკვე 388 მიაღწია. დღეს არსებული ცხენები და მათი მონათესავე ცხოველები, ვირი და ზებრა გაერთიანებული არიან Equus ჯგუფში.
    სრულად ნახვა

    ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) — ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს, რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი. ცხენს კარგი მხედველობა, სმენა და ყნოსვა აქვს. შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი. მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას. ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები. მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მწერები. მწერების მოგერიებაში ცხენს ეხმარება გრძელი კუდიც.  ცხენი ბალახის მჭამელი ცხოველია. მცენარეული საკვების შესაბამისად აგებულია მისი კბილები და კუჭ-ნაწლავიც. ცხენი არ იცოხნის საკვებს მან საძოვარზევე უნდა მოასწროს საკვების დაღეჭვა. ამიტომ ძალიან კარგად განვითარებული კბილები აქვს, რის გამოც მისი ყბებიც გრძელია: გრძელი ყბები კი ცხენის თავს წაგრძელებულ ფორმას აძლევს. ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი და წინ დახრილი მჭრელი კბილი აქვს. ამ მჭრელებით ცხენი ბალახს გლეჯს. ეშვები მხოლოდ ულაყს აქვს, მაგრამ ისინი ძალიან დაპატარავებულია. მჭრელების უკან ყბებზე უკბილო მანძილია, რომლის შემდეგ ორივე ყბის თითოეულ მხარეზე ექვსი ძირითადი კბილია. ძირითადი კბილები დიდია, მათი ზედაპირი ბრტყელია და მინანქრის ნაოჭებითაა დაფარული.ასეთი კბილების საშუალებით ცხენი ძალიან კარგად ღეჭავს ბალახს, თივას და სხვა მცენარეულ საკვებს. ცხენის კუჭი დიდი მოცულობისაა, მაგრამ მარტივი აგებულებისა, ე.ი. არ არის დაყოფილი, როგორც მცოხნელებში. სამაგიეროდ ცხენს გაცილებით დიდი ბრმანაწლავი აქვს, ვიდრე მცოხნელებს. ძნელად მოსანელებლი მცენარეული საკვები ნაწილობრივ ბრმა ნაწლავში განიცდის მონელებას. ცხენის ნაწლავების საერთო სიგრძე სხეულის სიგრძეს მხოლოდ 10-ჯერ აჭარბებს, იმ დროს როდესაც მცოხნელებში ნაწლავები სხეულის სიგრძეზე 20-ჯერ გრძელია. ამიტომ ცხენი ნაკლებად არის შეგუებული დიდი მოცულობის უხეში საკვების ჭამას, მას უფრო მეტად ესაჭიროება ნოყიერი საკვები, როგორიცაა ქერი ან შვრია. ცხენის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელს, ზოგჯერ 40-50 წელსაც აღწევს. ცხენი შობს ერთ კვიცს, იშვიათ შემთხვევაში — ორს. ახალდაბადებულ კვიცს, დაბადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, შეუძლია ფეხზე დგომა და მალე დედასთან დადევნებაც კი. შინაური ცხენის ჯიშები მრავალგვარია. ისინი შესასრულებელი სამუშაოს მიხედვითაა სპეციალიზებული. მაგალითად არიან: საჯდომი, მარბოლარი, მძიმე ტვირთმზიდავი ცხენები. ჩვენში ცხენის მრავალი ადგილობრივი ჯიშია შექმნილი, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ვლადიმირული მძიმე ტვირთმზიდავი ცხენი. მარბოლარი ჯიშის ცხენებიდან განთქმულია მარბოლარი ცხენი, რომელიც უკვე საუკუნენახევარზე მეტია რაც გამოიყვანეს. საჯდომი ცხენებიდან ცნობილია დონური ცხენი, რომელიც დონის ველების პირობებში ჩამოყალიბდა. ამ ჯიშს იყენებენ არმიაში. მისი უპირატესობა ისაა, რომ მას შეუძლია ტვირთის გადაზიდვა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება. ამ ცხენის შემდგომი გაუმჯობესების შედეგად შექმნილია ახალი ჯიში, ე. ი. ბუდიონური ცხენი. ცხენების ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია თუშური და მეგრული ცხენები. თუშური ცხენი კარგადაა შეგუებული მთაში არსებობას და ფართოდაა მოშენებული აღმოსავლეთ საქართველოში. ის კარგ საჯდომ-სასაპალნე ცხენად ითვლება. ტანით შედარებით პატარაა (სიმაღლე 140სმ-ს არ აღემატება). მეგრული ცხენი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში. ის კარგი მუშა-ცხენია და სწრაფმავალიცაა. ტანად შედარებით პატარაა (სიმაღლე 135სმ-ს აღწევს). ცხენის ჯიშის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად საქართველოშიც მუშაობენ.  
    სრულად ნახვა

    ცხენები სიტყვებს ნამდვილად არ ამბობენ, მაგრამ თავისი გამორჩეული სხეულის ენით ძალიან მარტივია მათთან საუბარი. თვალები, ყურები, ტუჩები, კანი, კიდურები და კუდი, სხეულის ის ნაწილებია რომლითაც ცხენი განწყობას, ტკივილს და ემოციას გამოხატავს. ცხენებთან ურთიერთობა და დაკვირვება კი აუცილებლად დაგეხმარებათ მათი ენის შესწავლაში. პირველ რიგში დავიწყოთ ყურებით. ცხენის ყურები ისევე როგორც კიდურები ძალიან მგრძნობიარე ნაწილებია, რაც განპიროებულია ნერვული დაბოლოებებით. თუ კი, ცხენმა ყურები უკან გადაცქვიტა ნიშანია იმის, რომ არ მოსწონს მის გარშემო არსებული ქცევა, იქნება ეს ადამიანის, ცხენის თუ სხვა რომელიმე ცხოველის მიერ გამოწვეული. ასეთ დროს ცხენის მხრიდან მოსალოდნელია თავდაცვითი მოქმედებები ისეთები როგორიცაა კბენა, წიხლი, ან ტორის დარტყმა. ზოგიერთ ცხენს ადამიანის მიახლოებისას ახასიათებს ყურების უკან გადაცქვეტა და თავის წინ გაწევა, რადგან არ სურს მოსალოდნელი უნაგირის დადგმა ან შეჯდომა, ასეთ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან ავიცილით ცხენის მხრიდან მოსალოდნელი თავდაცვითი ქმედება.  იმ შემთხვევაში, თუ ცხენით მგზავრობთ, ან სეირნობთ და თქვენს უკან ცხენოსანი მოდის ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხენის ყურებს, რადგან უკან მომავალი ცხენოსნის ახლოს მოსვლის შემთხვევაში, ისეთ მანძილზე რამაც შესაძლოა თქვენს ცხენს დისკომფორტი შეუქმნას მოსალოდნელია მისი მხრიდან წიხლის გაქნევა უკან მომავალის მიმართულებით, რაც ხშირ შემთხვევაში ცხენოსნის დაზიანებით სრულდება. თქვენი ცხენი ყურების უკან გადაცქვეტითა და თავის მკვეთრი მოძრაობით უშვებს გამაფრთხილებელ სიგნალს უკან მყოფი ცხენის მიმართ, რომელსაც დიდი ალბათობით ის ცხენი ვერ შეამჩნევს და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ლაგამის მკვეთრი მოძრაობით და დეზის მსუბუქი შემორტყმით უკან მომავალ მხედარს თავიდან აარიდოთ მოსალოდნელი დაზიანება. ცხენს შეუძლია კანის მკვეთრი მოძრაობა სხეულის ნებისმიერ წერტილში, რაც მწერებისგან თავდაცვის მიზნით გამოუმუშავდა. იმ შემთხვევაში, თუ ცხენს ეხებით, ეფერებით ან მის კანზე არსებულ დაზიანებას ამოწმებთ და კანის მკვეთრი მოძრაობა დაიწყო უმჯობოსია შეწყვიტოთ მის კანზე შეხება, თუ კი რამე სახის აუცილებელ სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს. თუ შეამჩნიეთ, რომ ცხენი კოჭლობს და არ აღენიშნება არანაირი ზედაპირული დაზიანება ან შესიება, აუცილებლად კიდურის მთელ სიგრძეზე ხელით უნდა მოსინჯოთ და იპოვოთ კოჭლობის მიზეზი. როდესაც ხელით იმ ადგილს შეეხებით, რის გამოც კოჭლობს ცხენი აუცილებლად გააკეთებს მკვეთრ მოძრაობას, რაც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია ფეხის ზემოთ აწევით ან ნაბიჯის გადადგმით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ზედაპირული დათვალიერებით ვერ შეძელით დაზიანების აღმოჩენა საჭიროა ჩლიქის შემოწმება სამედიცინო ჩაქუჩით ან მსგავსი ინსტრუმენტით, მასზე მსუბუქი დარტყმით ყველა მხრიდან. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ სხეულის ტემპერატურას. არის შემთხვევები, როდესაც პირველადი დათვალიერებით დაზიანება არ აღინიშნება, მაგრამ ჩლიქი, ან რომელიმე ნაწილი გახურებულია იგივე კიდურის სხვა ნაწილთან შედარებით. ყურების დაცქვეტა, თავის ზემოთ აწევა და ერთ ადგილას გაშეშება ნიშანია იმის, რომ რაღაცამ ცხენის ყურადღება მიიპყრო, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის მხედველობისთვის და სმენისთვის შეუმჩნეველი მოძრაობა, ან ხმაური და ცხენის ასეთი ქცევა გაფრთხილებად უნდა მიიღოთ. ცხენით მგზავრობისას, ან ჭენების დროს, თუ შეამჩნევთ, რომ ცხენის კისერი და თავი ტანთან შედარებით ქვემოთ არის დახრილი ნიშანია იმის, რომ ცხენი გადაღლილია და საჭიროებს დასვენებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სუნთქვა არ აქვს გახშირებული. არის შემთხვევები, როდესაც ცხენს ცხვირიდან სისხლი წამოუვა, რაც ზედმეტი ჭენებისგან და გადახურებისგან არის გამოწვეული და აუცილებლად უნდა დაასვენოთ. ეს ერთი მხრივ კარგიც კი არის, რადგან თავიდან იქნა აცილებული წნევის აწევისგან ცხენის წაქცევა და სიკვდილი. იმ შემთხვევაში, თუ ცხენი ჭენებისგან და გადახურებისგან წაიქცა და ადგომას ვეღარ ახერხებს, იმ შემთხვევაში, თუ თან არ გაქვთ შესაბამისი სამედიცინო საშუალებები, აუცილებლად უნდა დაუსეროთ კანი ისე რომ სისხლი წამოუვიდეს. თუ ბასრი საგანი არ გაქვთ, მაშინ ჯოხი ან სხვა რამე წვრილი და გრძელი ნივთი უნდა შეუყოთ ნესტოში სისხლის გამოდენის მიზნით. ეს ერთადერთი საშუალებაა ცხენის გადარჩენისთვის. “შარდის შეხუთვა” ერთერთი ცუდი და მომაკვდინებელი შემთხვევა, რაც მხოლოდ ადამიანის დაუდევრობით შეიძლება იქნას გამოწვეული. ასეთ დროს ცხენს უჭირს მოშარდვა, ან საერთოდ ვეღარ ახერხებს ამას, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ულაყს, ან იაბო (დააკოდილი მამალი ცხენი) ცხენს შეიძლება დაემართოს, დიდ მანძილზე გადაადგილების დროს, (ფაშატ ცხენს მსგავსი პრობლემა არ აწუხებს). მგზავრობის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ ორ საათამდე შუალედში აუცილებლად უნდა გაჩერდეთ, ჩამოხვიდეთ ცხენიდან, გამოუღოთ ლაგამი ბალახის მოძოვის მიზნით და დაელოდ სანამ ცხენი არ მოშარდავს, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გააგრძელოთ გადაადგილება,  რათა თავიდან იქნას აცილებული “შარდის შეხუთვა”. პირველი შესვენებიდან მეორე შესვენებამდე დრო შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი და ცხენის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.  ჭიხვინი, ხვიხვინი, ფრუტუნი და სტვენის მაგვარი ხმა, რომელსაც მხოლოდ ულაყი გამოსცემს არის, ცხენის განსხვავებული ტონალობისა და ჟღერადობის ხმები. თითოეულ მათგანს სიტუაციის მიხედვით იყენებს. ჭიხვინს უფრო ხშირად დაძახების ნიშნად იყენებს. ჭიხვინით შეუძლია ცხენების მოძებნა დიდ მანძილზე, რადგან, როგორც წესი სხვა ცხენებიც ჭიხვინითვე უპასუხებენ და მხოლოდ სუნით არ მოუწევს მათ  
    სრულად ნახვა